საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე რატი კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა ბევრი საუბარია ფასებზე, სახელმწიფოს ყველაზე მართებული სტრატეგია სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა იყოს, რასაც გარკვეული სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია, განსაკუთრებით იმ პროდუქტების მიმართულებით, რომლის მოყვანაც ჩვენს ქვეყანაშია შესაძლებელი.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას რატი კოჭლამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამები გადასახედია, რადგან ვეღარ უძლებს დარგის გამოწვევებს და საჭიროა თითოეული პროგრამის სიღრმისეული შესწავლა, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მისი მოდიფიკაცია, განახლება ან გაუქმება, ახლის დაწყება, რათა რეალურად მოხდეს ფერმერების დახმარება.
„რამდენადაც ცნობილია, ამ ეტაპზე დონორობის პროგრამები შეჩერებული ან მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც გარკვეულწილად ეხმარებოდა ფერმერებს, ცოდნა აემაღლებინათ, ტექნიკა გადაეიარაღებინათ. კი, ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამები, თუმცა ეს მიმართულება გადასახედია, რადგან ვეღარ უძლებს დარგის გამოწვევებს.
პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ძირითადი რესურსი, რაზეც სოფლის მეურნეობის პროდუქტი მოდის – ეს არის მიწა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. დღევანდელი სოფლის მეურნეობა წყლის გარეშე წარმოუდგენელია და ვერ ვისაუბრებთ მოსავლიანობაზე, რაც ჩვენს შიდა წარმოებას კონკურენტუნარიანს გახდის. მეზობელი ქვეყნის ფერმერები და არა მარტო, კონკურენციაში არიან ჩვენს ფერმერებთან. თუ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ ამ კონკურენციაში, მნიშვნელოვანია, ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელიც ხარისხით იქნება ძალიან კარგი და შესაბამისად, თვითღირებულება უფრო ნაკლები თუ არა, მინიმუმ იმდენი მაინც გვექნება, რაც სხვა ქვეყნის ფერმერს უჯდება“, – აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.
სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ გამოწვევად რატი კოჭლამაზაშვილი მიწების რეგისტრაციის საკითხსაც ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ვერა და ვერ დასრულდა. მიწების რეგისტრაციის შემდეგ კი აუცილებელია წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თანამედროვე სარწყავ სისტემებზე გადასვლა.
„რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ინვესტიციები, რისი საშუალებაც, ხშირ შემთხვევაში, ფერმერს არ აქვს. აუცილებელია თანამედროვე ცოდნაც, რისი დეფიციტიც არის ქვეყანაში – თანამედროვე სოფლის მეურნეობა ვითარდება, ჩვენ კი, სამწუხაროდ, ჩამოვრჩით. არის გარკვეული წარმატებები, გარღვევები, მაგრამ ეს არის ფრაგმენტული. სადღაც ხდება ფერმების უკეთესი მენეჯმენტი, სადაც არის თანამედროვე ცოდნაც, ტექნოლოგიებიც, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ეს მასიურად გავრცობილი არ არის.
დიდი ხანია, ვსაუბრობთ ამაზე და როგორც ამბობენ, მიმდინარეობს პროგრამებზე მუშაობა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ინტენსიური არ არის. რა კუთხით მიდის მუშაობა, ინფორმაცია არ გვაქვს. იმედია, რეალურ შედეგებზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.



