საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერითა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ფილოსოფიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას ქართველ მეცნიერებთან ერთად ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი – ანდრეას არნდტი და ზადარის უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი – იურე ზოვკო, ესწრებოდნენ.
ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძემ, დამსწრე საზოგადოებას ფილოსოფიის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ფილოსოფიას აკადემიურ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უკავია, იმდენად, რამდენადაც იგი ყველა მეცნიერების საწყისია. ფილოსოფიიდან იღებს სათავეს არა მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებები, როგორებიცაა – თეოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, მედიის მეცნიერება და ა.შ., არამედ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ფიზიკა, ასტრონომია, გეომეტრია, მათემატიკა, ქიმია, მექანიკა და ა.შ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ის უმაღლესი სკოლაა, სადაც ფილოსოფიას, როგორც მეცნიერებას, როგორც დარგს, განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს. ფილოსოფია ისეთი დისციპლინაა, რომელიც სხვადასხვა მეცნიერების თანამშრომლობის პერსპექტივას იძლევა და ხსნის. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევარების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება. გილოცავთ და ქართულ აკადემიურ, პირველ რიგში, ფილოსოფიურ საზოგადოებას წარმატებას ვუსურვებ ისეთი კვლევების განხორციელების გზაზე, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად განვითარების საწინდარი იქნება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსოტეტის პროფესორის, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელის, მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტში ფილოსოფიის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რამდენიმე წლის წინ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით დაიწყო.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, რომლის ინიციატივით, მხარდაჭერით და თანადგომით მესამე წელია რაც აღვნიშნავთ ფილოსოფიის საერთაშორისო დღეს. ეს არის ერთგვარი სტიმული ჩვენი სტუდენტებისათვის, რომლებიც სამეცნიერო კლასტერს – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“, წარმოადგენენ. ვულოცავ კოლეგებს დღევანდელ დღეს, წარმატებებს ვუსურვებ მათ და მადლობა ჩვენს სტუმრებს პროფესორებს ანდრეას არნდტის და იურე ზოვკოს საჯარო ლექციაში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა მამუკა ბერიაშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას ფილოსოფიის საერთაშორისო დღე მიულოცეს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას არნდტი და ზადარის უნივერსიტეტის პროფესორმა იურე ზოვკომ. როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.
ღონისძიებაზე საჯარო მოხსენებით – „თავისუფლების იდეის ისტორიული და სისტემური საფუძვლები“ წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი მამუკა ბერიაშვილი. ღონისძიების ფინალური ნაწილი საჯარო დისკუსიას დაეთმო.