სიმონ ჯანაშია – ხალხზე ძალადობაა, როდესაც აუქმებენ უნივერსიტეტს ისე, რომ სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციას არაფერს ეკითხებიან, დარწმუნებული ვარ, უკან დახევა მოუწევთ

პროფესორებმა და ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტონ აპურებენ თუ არა შეასრულონ ის მოთხოვნები, რომელიც სამინისტროს აქვს – თუ ისინი არ შეასრულებენ, ვერანაირი ძალით ვერ განახორციელებენ ამ რეფორმას, – ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, განათლების საკითხების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ “ინტერპრესნიუსთან” განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხალხზე „ძალადობაა, როდესაც აუქმებენ უნივერსიტეტს“ ისე, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციას არაფერს ეკითხებიან.
ჯანაშიას განცხადებით, ის დარწმუნებულა, რომ ხელისუფლებას განათლების რეფორმასთან მიმართებით უკან დახევა მოუწევს.
“განათლების ეს ე.წ რეფორმა სამ მიზანს ემსახურება: დაიწყოს უნივერსიტეტის პოლიტიკური კონტროლი, გაიყიდოს შენობები და ვიღაცამ აქედან სარგებელი მიიღოს და ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაუშვან იმ გზით, რომ შეზღუდონ სხვა უნივერსიტეტებში ადგილების, პროფესორების რაოდენობა და სტუდენტების მიღება. ეს შეხვედრები, რაც ახლა მიმდინარეობს [განათლების სამინისტროში] იმის მაჩვენებელია, რომ ეს ყველაფერი ცუდად არის დაგეგმილი, რადგან მოლაპარაკებაც არ ჰქონიათ არავისთან. ეს არის ხალხზე ძალადობა, როდესაც აუქმებენ უნივერსიტეტს ისე, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციას არაფერს ეკითხებიან. დარწმუნებული ვარ, რომ უკან დახევა მოუწევთ. ისედაც შეუძლებელია ამ ცვლილების გატარება, მაგრამ ასე მითუმეტეს”, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ და დასძინა:
“პირველ რიგში, პროფესორებმა და ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტონ აპურებენ თუ არა შეასრულონ ის მოთხოვნები, რომელიც სამინისტროს აქვს. თუ ისინი არ შეასრულებენ, ვერანაირი ძალით ვერ განახორციელებენ ამ რეფორმას”, – აღნიშნა ჯანაშიამ.