გასულ კვირაში შეხვედრისას საგარეო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ისაუბრეს „შესაძლებლობებზე, რაც გამომდიარეობს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დონალდ ტრამპის მედიაციით მიღწეული შეთანხმებიდან“, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტში.
სამშაბათს, 3 თებერვალს ლაშა დარსალიამ, – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მთავრობაში, – შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანთან.
საგარეო უწყების ცნობით, დარსალიამ ამ შეხვედრაზე გამოხატა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის „გადატვირთვისთვის” საქართველოს მზადყოფნა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების საჭიროებაზე ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.
თავდაპირველად მაღალჩინოსნების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად კი სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს:
· „[აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა] ბიუროს მაღალჩინოსანმა ბრენდან ჰანრაჰანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ 3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი გამართეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე.
· მათ განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, შესაძლებლობები, რომლებიც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან“, – წერია 6 თებერვლით დათარიღებულ პასუხში.
ჰანრაჰანი სომხეთსა და აზერბაიჯანში
ბრანდან ჰანრაჰანი 2025 წლის სექტემბერში იმყოფებოდა სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი სომხეთსა და აზერბაიჯანში. იგი საქართველოში არ ჩამოსულა.
ვიზიტის მიზანი „ტრამპის მარშრუტისა“ (TRIPP) და ორ ქვეყანასთან ცალ-ცალკე ორმხრივი ურთიერთობების გაღღმავების მხარდაჭერა იყო.
მისი ამ ვიზიტისას გაირკვა, რომ აშშ საწყის ეტაპზე 145 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოუყოფდა „ტრამპის მარშრუტის“ განსავითარებლად.
დარსალიას სხვა შეხვედრები ვაშინგტონში
ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის მოადგილეებს შეხვდნენ.
საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, შეხვედრა კომერციის დეპარტამენტში გაიმართა მდივნის მოადგილეებთან:
· ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში უილიამ კიმიტთან;
· ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯეფრი კესლერთან.
„მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით“, – წერია უწყების გავრცელებულ მოკლე ცნობაში.
ამავე წყაროს თანახმად, „საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს“.
ასევე, „ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე“.
წინა დღეს, 4 თებერვალს ტალიაშვილი და დარსალია ასევე შეხვდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს:
· დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს, ჯონათან ასკონასს;
· სპეციალურ თანაშემწეს, ჩარლზ იოკის.
შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.
საელჩოს ცნობით, „ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“.
„განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი“, – წერდა საელჩო.
· უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი თბილისში რეგიონული ტურნეს ფარგლებში 2025 წლის ნოემბერში იმყოფებოდა – იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).
· მაშინ ის „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს, შეხვდა.




