სანამ კვირას, Super Bowl-ის მე-60 გათამაშებაზე „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი“ და „სიეტლ სიჰოქსი“ მოედანზე გაარკვევენ ურთიერთობას, მოედნის მიღმა არანაკლებ ცხელი დაპირისპირება გაიმართება. 120 მილიონზე მეტი მაყურებლის გულის მოსაგებად ათობით რეკლამის დამკვეთი უკან არაფერზე იხევს. წელს ბრენდების არსენალში ყველაფერია: კენდალ ჯენერიდან და ჯორჯ კლუნიდან დაწყებული, „იურული პარკის“ ნოსტალგიითა და Budweiser-ის ლეგენდარული ცხენებით დამთავრებული.
სუპერთასის რეკლამები ყოველწლიურად ამერიკული განწყობის ერთგვარი ბარომეტრია. თუ 2000 წელი „დოტ-კომების ბოული“ იყო, ხოლო 2022 – „კრიპტო ბოული“, წელს ტენდენციებს ჯანდაცვა, წონის კლების პრეპარატები და ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს. ვილანოვას უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი ჩარლზ ტეილორი ვარაუდობს, რომ ბოლოდროინდელი მძიმე საინფორმაციო ფონის გამო, რეკლამის დამკვეთები აქცენტს სიმსუბუქესა და გართობაზე გააკეთებენ, რათა მომხმარებელს რეალობიდან გაქცევის საშუალება მისცენ.
წელს სარეკლამო დროზე მოთხოვნა უპრეცედენტოა. NBC-მ მთელი საეთერო დრო ჯერ კიდევ სექტემბერში გაყიდა. საშუალოდ, 30-წამიანი რგოლის ღირებულება 8 მილიონი დოლარია, თუმცა რამდენიმე სლოტი რეკორდულ, 10 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან დაქსაქსულ მედიაგარემოში ლაივ სპორტული ღონისძიებები თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც მასობრივი აუდიტორიის მიღწევაა შესაძლებელი. 2025 წელს თამაშს 127.7 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო.
NBCUniversal-ის სპორტისა და ოლიმპიადის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი, პიტერ ლაზარუსი მიმდინარე თვეს „ლეგენდარულ თებერვალს“ უწოდებს, რადგან სუპერ ბოულს ზამთრის ოლიმპიადა და NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი ემთხვევა. მისი თქმით, რეკლამის დამკვეთთა 70%-მა, რომლებმაც სუპერ ბოულზე იყიდეს დრო, ოლიმპიადაზეც განათავსეს რეკლამა.
ცნობილი სახეების გამოყენება მაყურებლის კეთილგანწყობის მოპოვების ნაცადი ხერხია. Fanatics Sportsbook-მა კენდალ ჯენერი მიიწვია ე.წ. კარდაშიანების წყევლაზე სასაუბროდ, ჯორჯ კლუნი კი Grubhub-ის აქციას უკეთებს პრომოუშენს. ეკრანებზე ბრუნდებიან „იურული პარკის“ ვარსკვლავებიც – სემ ნილი, ლორა დერნი და ჯეფ გოლდბლუმი Xfinity-ს რეკლამაში გამოჩნდებიან. Uber Eats-მა კი მეთიუ მაკკონაჰი მეორე წელია დაიქირავა, რათა მან ბრედლი კუპერი და პარკერ პოუზი დაარწმუნოს, რომ ფეხბურთი სინამდვილეში შეთქმულებაა, რათა ხალხს საჭმლის შეკვეთა მოანდომონ.
უკვე მეორე წელია, სუპერთასის რეკლამებში AI დომინირებს. Oakley Meta თავის ჭკვიან სათვალეებს წარადგენს, Wix – ვებ-დიზაინის AI-ინსტრუმენტებს, ხოლო OpenAI ჯერჯერობით გასაიდუმლოებულ რგოლს ამზადებს.
განსაკუთრებით საინტერესოა Svedka Vodka-ს მიდგომა, რომელმაც AI სტუდიასთან (Silverside AI) ითანამშრომლა, რათა თავისი რობოტი-თილისმა, FemBot აღედგინა და მას გვერდით „მამრობითი“ ვერსია – BroBot მიუჩინა.
წელს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ჯანდაცვისა და ტელემედიცინის კომპანიები, რის გამოც ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმ კალკინსი ამ მოვლენას „GLP-1 სუპერთასს“ უწოდებს. ეთერში ვიხილავთ წონის კლების პრეპარატების (Wegovy, Ozempic) მწარმოებელ Novo Nordisk-სა და ტელემედიცინის პლატფორმა Ro-ს, რომელმაც სერენა უილიამსი დაიქირავა.
გარდა ამისა, Hims & Hers წონის კლების წამლებს აპიარებს, ხოლო ფარმაცევტული გიგანტები – სკრინინგის ტესტებს. Novartis პროსტატის კიბოს სკრინინგს ორიგინალური სლოგანით – Relax your tight end – უწევს რეკლამირებას, სადაც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები მონაწილეობენ.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი ბრენდი კლასიკას არ ღალატობს. Budweiser თავის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს ემოციური რგოლით, სადაც კლაიდსდეილის ჯიშის ცხენი და თეთრთავა არწივი Lynyrd Skynyrd-ის Free Bird-ის ფონზე იზრდებიან. Pepsi კი „კოლა ომებს“ აახლებს – რეკლამაში Coca-Cola-ს ცნობილი თეთრი დათვები ბრმა დეგუსტაციისას Pepsi Zero Sugar-ს ირჩევენ. რამდენიმე კომპანიამ მთავარი ინტრიგა თამაშის დღისთვის შეინახა. Ben Affleck ისევ დაბრუნდა Dunkin'-ისთვის, ჯენიფერ ენისტონთან, მეტ ლებლანთან და ჯეისონ ალექსანდერთან ერთად. Poppi-მ კი პოპ-ვარსკვლავ Charli XCX-ის მონაწილეობა დააანონსა.




