საპარლამენტო უმრავლესობა, ევროინტეგრაციის პროცესში, ქართული არასამთავრობოების მხრიდან საბოტაჟზე საუბრობს – რას ამბობენ მესამე სექტორში “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” კვლევაზე

“მე მათ “ენჯეობს” არ ვეძახი, ისინი არიან ქვეყნის მტრები” – მმართველი გუნდის ასეთი კრიტიკული განცხადების ადრესატები ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები არიან, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შედგენაში მონაწილეობდნენ. სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად მიენიჭა ევროპასთან დაახლოების კვლევაში საქართველოს მესამე ადგილი – მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები ევროინტეგრაციის საბოტაჟს სტატუსის მიღების შემდეგაც აგრძელებენ, მათი მიზანი კი, ამჯერად, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დაზიანებაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ პროცესში, მესამე სექტორთან ერთად, ისევ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი მოკავშირეები არიან ჩართულნი.
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორი, თამარ ხიდაშელი ჰყვება, თუ რა ინფორმაციას ეყრდნობოდა, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსისთვის შეფასებებს წერდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ გასაკვირი არაა, რომ საქართველო სხვა ქვეყნებს ჩამორჩება. მსგავსი პოზიცია აქვთ კვლევის სხვა ქართველ მონაწილეებსაც.
ქართველი ექსპერტების დასკვნებით შედგენილ ინდექსს სრულად იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები არც შედეგებთან და არც ავტორებთან არ აქვთ.
“ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმის კვლევაში მონაწილე ქართველმა ექსპერტებმა მონაცემები მიზანმიმართულად დაამახინჯეს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს იყო გარე ძალების დაკვეთა და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ჩამორჩებოდეს საქართველო სა და მოლდოვას მაშინ, როდესაც ქვეყანა ბევრი მიმართულებით მოწინავეა და ამას ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს. მაგალითად, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციის აღქმისა და ადამიანის თავისუფლების ინდექსებში, საქართველო უსწრებს არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, წევრ სახელმწიფოებსაც კი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის შედგენაში საქართველოდან 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. კვლევის დასკვნით ნაწილში მითითებულია ისიც, რომ, რეიტინგის დამუშავების პროცესში, ორგანიზაცია ექსპერტების მოსაზრებებს დაეყრდნო.