ტელეკომპანია ფორმულას ეთერში პარტია ლელოს წევრი, გრიგოლ გეგელია პოლიტიკურ საკითხზე ოპონენტისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილისთვის პასუხის გაცემას აპირებდა, რა დროსაც გადაცემის წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მას სიტყვა გააწყვეტინა.
“ოღონდაც აქედან არ გამოეხმაუროთ რა იმიტომ, რომ მერე აღმოჩნდება, რომ აქედან გამოეხმაურეთ და არ გვაკლია მისი პერსონალური შეურაცხყოფები. ეს არ არის საინტერესო. არ იყოს, რა, საინტერესო”. – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.
აღნიშნულს პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
“მას შემდეგ, რაც თამარ ჩერგოლეიშვილი მწვავედ თავს დაესხა პერსონალურად კეზერაშვილს, მას აეკრძალა ამ ეთერში ყოფნა და ამას ხსნიდნენ იმით, რომ, იცი რა, გემოვნებაში არ ჯდება ჩვენსაში, ოღონდ სანამ კეზერაშვილს თავს დაესხმებოდა, მანამდე ჯდებოდა ამ გემოვნებაში”. – ამბობს ბოკერია.
ევროპული საქართველოს ლიდერი ახსენებს მიშა მშვილდაძის პოსტსაც თამარ ჩერგოლეიშვილის გაშუქებასთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, “ბაცილას ეთერს არავინ არ უთმობსო”.
“მათ ვინც ეხება, მეპატრონეს თუ მათ თუ ორივეს ერთად, ის არის მათთვის კატეგორიულად მიუღებელი, ქვეყანას ვინც ვნებს ის კი არა ან ვინც ღირებულებითად მიუღებელია, ის არა უშავს, ის ყველაფერი, გუბაზი ვარსკვლავია მათი არხის. მაგრამ, აი, ვინც კეზერაშვილს ან მათ ან ორივეს აწყენინა, ისინი უნდა მოიკვეთონ და ამას ამაყად იძახიან”. – თქვა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, ნინო ჟიჟილაშვილის ნათქვამი, “ხსენებაც, მოდი, არ იყოს საინტერესო”, სამარცხვინოა.
“ცალკე ამბავია ამ ჟურნალისტის პერსონალური სირცხვილი, რომ უკარებელი ჟურნალისტი უნდა იყოს, ეგეთ რამეს ვინც იკადრებს, მაგრამ მაინც, საერთო ჯამში, მთელი ამ არხის სამარცხვინო სახეა ეს”. – თქვა ბოკერიამ.