შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 64 წლის კაცი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა სანადირო თოფით დაჭრა ადამიანი, შემდეგ კი მიიმალა.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოხდა, ბრალდებული კი პოლიციამ სამეგრელოში დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით – 1984 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯ.ღ. ბრალდებულის სახით სამეგრელოს რეგიონში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულ კაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




