“რეგულაციების ამოქმედების შედეგად სტომატოლოგიური მომსახურება არ გაძვირებულა”

იანვრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტების ამოქმედებას არც ფასებზე და არც დარგის განვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია.
ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ იანვრიდან ამოქმედებული ახალი კანონმდებლობით, განისაზღვრა სხვადასხვა მოთხოვნა ამ პროფილის კლინიკებისთვის. მაგალითად: სავარძლებს შორის დაშორება არანაკლებ 2 მეტრი უნდა იყოს, ან მათ შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით. ამასთან, განისაზღვრა სხვადასხვა სამედიცინო მასალის სავალდებულო მარაგის რაოდენობა, ინფექციის კონტროლის მექანიზმები და სხვა.
სტანდარტების მიხედვით, დაწესებულებას უნდა ჰყავდეს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. უნდა ახორციელებდეს სამედიცინო პერსონალის სწავლებას სამედიცინო მომსახურებასთან ასოციირებული ინფექციების პროფილაქტიკის საკითხებზე.
სტანდარტები ასევე ადგენს სტერილიზაციის პირობებს. ამასთან, განისაზღვრა, რომ ახალი დაწესებულებები მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას, რაც მანამდე არ რეგულირდებოდა.
სპეციალისტთა ნაწილი რეგულაციების ამოქმედების პირველ ეტაპზე კლინიკების ნაწილში მომსახურების გაძვირებას არ გამორიცხავდა, თუმცა ზურაბ ალხანიშვილის თქმით, ამ კუთხით დარგში ცვლილებები არ მომხდარა. მისი განმარტებით, მიღებულ რეგულაციებში ახალი არაფერია, რადგან ნორმატიული დოკუმენტებით ეს სტანდარტები ისედაც მოთხოვნილი იყო, ახლა კი ისინი გაერთიანდა. სიახლე კი, რომელიც ბაზარზე ახალი მოთამაშის შესვლის პირობას ეხება, მართალია, სანებართვო პირობების სახით არაა ჩამოყალიბებული, თუმცა არსით სწორედ სანებართვო პირობებს ნიშნავს, რაც სიახლეა.
ალხანიშვილის თქმით, დარგი საკმაოდ კარგადაა განვითარებული, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური კუთხით, ამიტომ რეგულაცია სექტორისთვის ფაქტობრივად არანაირი სიახლე არ ყოფილა.
„სავაძლებს შორის მანძილი პანდემიის დროს 4 მეტრით განისაზღვრა, ახალი რეგლამენტით კი 2 მეტრია, ხოლო თუ ამ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ის გადატიხრული უნდა იყოს. შესაბამისად, ამ ნაწილში რეგულაცია პირიქით, შერბილდა პანდემიის პერიოდთან შედარებით. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ტექნიკურ რეგლამენტში არსებული სტანდარტები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა,“ – განმარტა ალხანიშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ არც ამ კუთხითაა სერიოზული პრობლემები. მისი თქმით, დროა ჯანდაცვის სამინისტრომ იფიქროს რეგულირების სააგენტოს გარკვეული ფუნქციების პროფესიული ასოციაციებისთვის გადაბარებაზე, რადგან მარეგულირებელს ყველა კლინიკის მონიტორინგის რესურსი ფიზიკურად ვერ ექნება.
jandacva.ge