სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ აშშ-ისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი საკვანძო ხელშეკრულების ვადა ხუთშაბათს, 5 თებერვალს ამოიწურა. ეს ნიშნავს, რომ უკვე აღარ არსებობს ბოლო წინაღობა, რომელიც მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფოს აქამდე ზღუდავდა.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი RS-24 „იარსი“ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, რომელიც მოსკოვში, წითელ მოედანზე, 2025 წლის 9 მაისს ჩატარდაფოტო: კირილ კუდრიავცევი / სააგენტო „ფრანს პრესი“
სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ განახლებული (NEW START) ხელშეკრულება, რომელსაც მოსკოვმა და ვაშინგტონმა 2011 წელს მოაწერეს ხელი და 2021 წელს გაახანგრძლივეს, თითოეულ მხარეს ბირთვული ქობინების განლაგებას 1 550-მდე უზღუდავდა. 5 თებერვლის შემდეგ კი, პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში, აშშ-სა და რუსეთის სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაზე სამართლებრივი შეზღუდვები აღარ მოქმედებს.
„ეს სერიოზული, გარდამტეხი მომენტია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ბოლო ათწლეულების ნებისმიერ პერიოდში“, – განაცხადა ოთხშაბათს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, რომელმაც ორივე ქვეყანას მოლაპარაკებების მაგიდასთან სასწრაფოდ დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„როიტერის“ მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ NEW START-ის ვალდებულებებით თავს შებოჭილად აღარ მიიჩნევს, თუმცა „დიპლომატიური ძალისხმევისთვის“ მზად არის.
„ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის“ მონაცემებით, აშშ და რუსეთი ერთად, მსოფლიო ბირთვული ქობინების დაახლოებით 85%-ს ფლობენ: რუსეთი – 5 459-ს, ხოლო აშშ – 5 177-ს.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვა უნდობლობის გაღრმავებისა და დაძაბულობის ზრდის ფონზე მოხდა. თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უფრო აგრესიული პოზიცია დაიკავა. მან რუსეთი და ჩინეთი ფარული ბირთვული ტესტირებების ჩატარებაში დაადანაშაულა და პენტაგონს ბირთვული ტესტირებების განახლებისთვის მომზადება უბრძანა. თუმცა, მსგავსი ტესტირებების ჩატარება, ჯერჯერობით, არ დასტურდება.
მიუხედავად იმისა, რომ სრულმასშტაბიანი გლობალური ბირთვული ომის რისკი დაბალია, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შეიარაღებაზე კონტროლის არარსებობამ, შესაძლოა, ბირთვული არსენალის ახალი ზრდა გამოიწვიოს. ჩინეთის მზარდ არსენალს, რომელიც ამჟამად სავარაუდოდ 600 ქობინს უტოლდება, ვაშინგტონი მზარდ გამოწვევად მიიჩნევს. პროგნოზების თანახმად, 2030 წლისთვის ამ რიცხვმა, შესაძლოა, 1 000-ს გადააჭარბოს.
პარალელურად, მოსკოვი აგრძელებს მიწოდების ახალი სისტემების სრულყოფას. ეს ეხება ჰიპერბგერით და მომდევნო თაობის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს, როგორიცაა, მაგალითად, „კედრი“. დამუშავების პროცესშია სხვა პროექტებიც, კერძოდ – ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და წყალქვეშა დრონი „პოსეიდონი“.
კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი განიხილავს ვადაგასული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტების დაცვას კიდევ ერთი წლით, თუ შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ ახალ შეთანხმებაში, ჩინეთთან ერთად, ბრიტანეთი და საფრანგეთიც უნდა ჩაერთონ.
„თუმცა, ეს რთული ამოცანა იქნება“, – მიიჩნევს პესკოვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი კი ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა, ბირთვული შეიარაღების კონტროლის გარეშე იცხოვროს. „აღმოსავლეთ ფლანგის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბირთვულ პოტენციალზე რუსეთის დამოკიდებულების ზრდა, რომელიც მისი კონვენციური ძალების დეგრადაციის ფონზე მიმდინარეობს, კონფლიქტურ სცენარებში ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლს დაბლა სწევს.
გლობალური შეშფოთების მიუხედავად, NEW START-ის ჩამნაცვლებელ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაანონსებული არ არის.
წყარო: „პოლონეთის რადიო“, 1 არხი




