თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სალომე დუნდუა აცხადებს, რომ თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება კატეგორიულად მიუღებელია და ეს პროცესი უნდა შეწყდეს.
ამის შესახებ სალომე დუნდუამ სტუდენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„განათლების სფერო არის ძალიან ფაქიზი სფერო და განათლების სფეროში რეფორმის გატარებას სჭირდება ძალიან დიდი მომზადება. ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია, რანაირად გაჩნდა, საიდან გაჩნდა, რატომ გაჩნდა, როგორ გაჩნდა ის რეფორმა, რომელზეც დღეს არის საუბარი. არ არსებობს არანაირი გამოკითხვები აკადემიურ პერსონალთან, იგივე სტუდენტებთან და ასე შემდეგ. როდესაც დავსვით კითხვა, სად, რომელ განვითარებულ ქვეყანაში არის „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ პრეცენდენტი, რეალურად აღმოვაჩინეთ ესეც, რომ ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს.
ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რაც კი მე თავი მახსოვს – არცერთი ხელისუფლების დროს, არასდროს ხელისუფლება არაფერს არ ეკითხება აკადემიას. ფაქტობრივად, სრულიად დაკარგულია კავშირი ხელისუფლებასა და მეცნიერებს, მკვლევრებს შორის. ყველამ კარგად იცის, რომ საჯარო პოლიტიკა არ კეთდება ელემენტარულად პოლიტიკის თეორიის, ცოდნის, მეცნიერების, მკვლევრების გამოცდილების გაზიარების გარეშე. ამას ვითხოვთ, რომ ჩვენც გვკითხეთ რაღაც, როდესაც აკეთებთ ასეთ რეფორმებს. ამხელა ინსტიტუციაა, ამდენი გამოცდილი, მსოფლიო დონის მკვლევარი ჰყავს გამოზრდილი და დღესაც ზრდის ჩვენი უნივერსიტეტი. იკითხეთ, იქნებ რაღაცა ჩვენც ვთქვათ უკეთ.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ: კატეგორიულად მიუღებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების იდეა, ეს უნდა შეწყდეს და თუ რაღაც რეფორმებზე ვსაუბრობთ და ყველას გვინდა რეფორმა ნამდვილად, უნდა დავიწყოთ მსჯელობით, არგუმენტირებით და ასე შემდეგ“, – განაცხადა სალომე დუნდუამ.
· ბევრი პროფესორი და სტუდენტი გასუსულია, ასეთ დროს ეს სირცხვილია – მაცაბერიძე




