ბალტიის ქვეყნები რუსეთის საზღვარზე ერთობლივი თავდაცვითი ნაგებობების აშენებაზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლისთვის მხოლოდ ესტონეთის და რუსეთის საზღვართან ჯამში 600 ბუნკერი აშენდება.
რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ერთიანი “ბალტიის თავდაცვითი ხაზის” ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. “ბალტიის თავდაცვითი ხაზი” გააერთიანებს ასობით ბუნკერის და თავდაცვითი ნაგებობების ქსელებს, დანაღმულ ტერიტორიას, მავთულხლართებს და საფორტიფიკაციო სტრუქტურებს.
თავდაპირველად, ინფორმაცია ბალტიის ქვეყნების ერთიანი თავდაცვითი ხაზის ჩამოყალიბების შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სფრუდმა ესტონელ და ლიტველ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. მინისტრების განცხადებით, აღნიშნული თავდაცვითი ხაზი არა მხოლოდ გააძლიერებს მათ საზღვრებს და აღკვეთს უკანონო მიგრაციას, არამედ აღმოაჩენს ყველა პოტენციურ სამხედრო საფრთხეს რუსეთისგან.