ხატიაშვილი დვალზე: შეიძლება, მარტო მისი ბრალიც არ იყო, ჩემიც იყო, ხელშეკრულება გაფორმდა

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ყოფილი მესაკუთრე მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ დარეჯან დვალთან “როგორც იქნა, შედგა ნორმალური კომუნიკაცია” და მათ შორის ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა. დარეჯან დვალმა კეკელიძის ქუჩაზე მარინე ხატიაშვილის ბინა 2018 წლის 19 თებერვალს, საჯარო აუქციონზე იყიდა.
“შეიძლება, მარტო მისი [დარეჯან დვალის] ბრალიც არ იყო და ჩემიც იყო იმიტომ, რომ მეც ჩავიკეტე, რაღაცნაირად, ნდობა გამიქრა. მძიმე და ცუდი ისტორიები იყო უკან. თუმცა, დღესდღეობით, როგორც იქნა, შედგა ნორმალური კომუნიკაცია”. – თქვა ხატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს, სოციალური ქსელის მეშვეობით, მოუწოდოს ადამიანებს, აღარ მიაყენონ შეურაცხყოფა დვალს.
“ვაპირებ, სოციალურ ქსელში დავწერო და ვთხოვო ადამიანებს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ დარეჯან დვალისა და ჩემ თემას. მე ჩემი მხრიდან ვამატებ, რაც ჩვენს ხელშეკრულებაში არ წერია – ნუღარ მიაყენებენ ქალბატონ დარეჯან დვალს შეურაცხყოფას”. – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ხატიაშვილი.
25 იანვარს მესაკუთრეთა დაცვის ცენტრის დირექტორმა, გიორგი სუხიტაშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დარეჯან დვალი თანახმაა, ყოფილ მესაკუთრეს, მარინა ხატიაშვილს 90 000 დოლარის სანაცვლოდ გადასცეს კეკელიძის N1-ში მდებარე უძრავი ქონება.