გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ, მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო განიხილეს, სხვა სახის ინფორმაცია, კონკრეტული დეტალები ან დათქმები, გავრცელებული Facebook პოსტიდან არ იკითხება.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ დამფუძნებლის, გიორგი ბახტურიძის თქმით, ასევე უცნობია, აპირებს თუ არა კომპანია Philip Morris საქართველოში წარმოების გაზრდას ან შემცირებას, ეს იმ ფონზე, როცა:
თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მაღალი საჯარო ინტერესის საგანია, ხოლო საქართველოში ეს პროცესი გამჭვირვალობის განსაკუთრებულ მოთხოვნებს ექვემდებარება.
,,ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, არ იკითხება კონკრეტულად რა მიზნით შეხვდა ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტს. კარგია, რომ ინფორმაცია რაღაც ფორმით მაინც გაავრცელეს, მანამდე, როცა პრემიერს ან თანამდებობის სხვა პირს ხვდებოდა თამბაქოს ინდუსტრია, ასეთი სახის ინფორმაციაც კი არ ვრცელდებოდა. მოქალაქეებმა არ იციან, რა ინვესტიციაზეა საუბარი და რატომ უნდა შევუწყოთ ხელი ლეტალური პროდუქციის მწარმოებელს, რომ რაიმე სახის პრეფერენცია მიიღოს. არ არის გამორიცხული რომ შეხვედრაზე საუბარი იყო დიფერენცირებულ გაასახადზე- რატომ არის ეს გადასახადი ადგილობრივისთვის და უცხოელისთვის განსხვავებული.
ასევე, არ ვიცით, რა მიზანი აქვს Philip Morris International-ს კავკასიაში და ხომ არ უნდათ მათი წარმოების გაფართოება, რაც პირდაპირ ნიშნავს დამატებით ათასობით სიკვდილს და უმძიმესი ონკოლოგიური დაავადებების რიცხვის ზრდას”,- აღნიშნავს ბახტურიძე “კომერსანტთან” ინტერვიუში.
საქართველო WHO-ის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მონაწილე ქვეყანა, რომელიც წევრებს ავალდებულებს უზრუნველყონ მაქსიმალური გამჭვირვალობა თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ნებისმიერი ურთიერთობისას. აღნიშნული კონვენციის მე-5.3 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა:
· გაამჟღავნონ შეხვედრების მიზანი;
· მიუთითონ განხილული საკითხები;
· თავიდან აიცილონ ინდუსტრიისთვის არაგამართლებული პრივილეგიები.
ბახტურიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” გამჭვირვალობის შესახებ დავალება ჯერ კიდევ 2018 წელს ჰქონდა მიღებული, თუმცა დღემდე მათ არც ერთ პრემიერ-მინისტრს შესაბამის აქტზე ხელი არ მოუწერიათ.
„2018 წელს მთავრობას ჰქონდა დავალებული, რომ ეს ურთიერთობები გამჭვირვალე გაეხადა და პრემიერს ნორმატიული აქტი მიეღო, დღემდე არც ერთ პრემიერ-მინისტრს ეს აქტი არ დაუმტკიცებია.
გვაინტერესებს, რა შეთანხმებას მიაღწია Philip Morris International-მა და მთავრობამ, ისინი ოფისს ხურავენ და მიდიან თუ აპირებენ, წარმოება გააძლიერონ და ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მოწამლონ“,- აღნიშნა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ დამფუძნებელმა, გიორგი ბახტურიძემ.




