სახელმწიფო ბანკი მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მათ არ აქვთ ფუფუნება, კერძო ინსტიტუტებში ფინანსებზე “დაუმსახურებელი” წვდომა ჰქონდეთ – გიორგი ხიშტოვანი
რამდენიმე დღის წინ პარლამენტში „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ილია ინჯიამ სახელმწიფო ბანკის შექმნის იდეა წამოაყენა. ინჯიას თქმით, სახელმწიფო ბანკი “კიდევ უფრო გააადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური მიმართულებით, რომელიც საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის”.
ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის ახალი ფინანსური ორგანოს ჩამოყალიბება და ე.წ. კვაზი ბანკები მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესისთვის “იაფ” კაპიტალზე წვდომის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა.
გიორგი ხიშტოვანის თქმით, საპარტნიორო და საქართველოს განვითარების ფონდის საქმიანობის პერიოდში მუდმივად განიხილებოდა სახელმწიფო ბანკის შექმნა, თუმცა ევროპელი პარტნიორები ამას მხარს არასდროს უჭერდნენ.
,,თავის დროზე არსებობდა საპარტნიორო ფონდი, შემდეგ საქართველოს განვითარების ფონდი, რომელიც დღემდე არსებობს – ამ პერიოდში მუდმივად იყო საუბარი, რომ კარგი იქნებოდა სახელმწიფო ბანკის შექმნა; ჩვენი ევროპელი პარტნიორები კი ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი ინიციატივები საჭირო არ იყო. ამის გამოვლინება, მაგალითად, იყო, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით საპარტნიორო ფონდს აეკრძალა წილობრივი მონაწილეობით ახალ პროექტებში შესვლა და სესხების გაცემა კერძო კომპანიებზე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სულ ჰქონდა ცდუნება, რომ საბანკო ერთეულის ქოლგის ქვეშ საქმიანობა ეწარმოებინა.
მგონია, რომ ამ თემის გაჟღერება უცნაური არ არის, რადგან ეს მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც მათ ახლა არ აქვთ ფუფუნება, რომ კერძო ინსტიტუტებში ფინანსებზე ‘დაუმსახურებელი’ წვდომა ჰქონდეთ.
სიიაფე „ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესებს რაღაც დონეზე ისედაც აქვთ, რადგან დიდი ნაწილი „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარია და მათთვის სესხების სუბსიდირება საკმაოდ ხშირია.
საქართველოში „მაღალი ეკონომიკური ზრდის“ ფაზა ძალიან მალე დასრულდება და ბანკები დაკრედიტებისგან ნელ-ნელა თავს შეიკავებენ. როგორც ჩანს, ამ ინიციატივის გაჟღერება სწორედ იმას უკავშირდება, რომ ბიზნესს სუბიექტებისთვის გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე თანხების მოძიება გართულდა”, -აღნიშნა ხიშტოვანმა “კომერსანტის” ეთერში.




