სუს: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღვკვეთეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთეს.
მათი თქმით, კიბერშეტევის შედეგად ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სუს-ში ამბობენ, რომ ვებგვერდის სხვა მოწყვლადობის შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები მიმდინარეობს.