2023-ში დასრულებულ პროექტებში თითქმის ყველა ბინა გაყიდულია, 2026-2028-ში — ნახევარი

საკონსულტაციო კომპანია Galt & Taggart თბილისში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 2023 წლის მონაცემებს აჯამებს. ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წელს ბინების გაყიდვები დეველოპერების მიერ წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას.
კერძოდ, Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2023 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია, ხოლო პროექტებში რომელებიც 2026-2028 წლებში სრულდება, მთლიანი ბინების თითქმის ნახევარია გაყიდული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2023 წელს თბილისში 39.949 ბინა გაიყიდა, რაც 7.0%-იანი წლიური კლებაა და ეს კლება 2022 წლის რეკორდულად მაღალ ბაზას უკავშირდება. თუმცა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბინების გაყიდვები მაინც 7.7%-ით აჭარბებს 2021 წლის მაჩვენებელს.
ამასთან, ანგარიშის ავტორების თქმით, 2023 წელს კლება მთლიანად განპირობებული იყო მეორადი ბაზრის (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება) 13.5%-იანი წლიური შემცირებით, რადგან პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება) გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს, Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2023 წელს ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. ამასთან, პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა მეორად ბაზარზე ფასის ზრდას (+21.3% და +10.0% წ/წ, შესაბამისად).
ანგარიშის ავტორების თქმით, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ2-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $600/მ2 იყო.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს თბილისში 2.9 მილიარდი დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც შემცირებული ტრანზაქციების მიუხედავად 9.9%-იანი წლიური ზრდაა. Galt & Taggart აღნიშნავს, რომ ეს ზრდა პირველად ბაზარზე ფასების მატებამ განაპირობა.
რაც შეეხება ქირას, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოსთვის თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 10.7 დოლარი შეადგინა, რაც წლიური 5.1%-იანი შემცირებაა. ამ შემცირების მიუხედავად, ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს ქირა 2021 წლის დონეს ორჯერ აჭარბებს.
ამასთან, Galt & Taggart აღნიშნავს, რომ 2023 წელს თბილისში 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა 1.9 მლნ მ2-ის ჯამურ საცხოვრებელ ფართობზე (+34.1% წ/წ).