რა რისკებს შეიცავს წონის დაკლების პოპულარული წამლები?

დიაბეტის სამკურნალო წამლების – Wegovy-ისა და Ozempic-ის წარმატების წყალობით, რომელთაც წონის დაკლებისთვის იყენებენ, დანიური კომპანია Novo Nordisk 2023 წლის სექტემბერში მოულოდნელად ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა ევროპაში. შეერთებულ შტატებში პრეპარატების პოპულარობისა და გაყიდვების სწრაფი ზრდის გამო, Novo Nordisk-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში Louis Vuitton-ისა და Dior LVMH-ის მაჩვენებელს გადააჭარბა. კომპანიის წარმატება განაპირობა იმან, რომ დიაბეტის წამლების ყიდვა წონის დაკლების მსურველებმა დაიწყეს, რის შემდეგაც, წლის პირველ ნახევარში, კომპანიამ გაყიდვები 108 მილიარდ დანიური კრონამდე (15 მილიარდი დოლარი) გაზარდა. შედეგად, დანიური კრონა გამყარდა და ქვეყნის ეკონომიკაც გაიზარდა. დანიის მშპ წლის პირველ ნახევარში გასულ წელთან შედარებით 1,7%-ით გაიზარდა და, როგორც Bloomberg წერს, ქვეყნის ფარმაცევტული ინდუსტრიის დახმარების გარეშე (ძირითადად Novo Nordisk-ი იგულისხმება) ქვეყნის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდებოდა.
ჭარბ წონასთან საბრძოლველად აღნიშნული დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების გამოყენება ცნობილმა ადამიანებმა დაიწყეს, მათ შორის კიმ კარდაშიანმა და ილონ მასკმა, რამაც წამალი კიდევ უფრო პოპულარული გახადა იმის მიუხედავად, რომ ერთი ინიექციის ღირებულება დაახლოებით 1000 დოლარია.
2023 წლის სამეცნიერო შედეგების შეჯამებისას, ჟურნალმა Science-მა წონის დაკლების ახალ მედიკამენტებს, რომლებიც დაფუძნებულია სემაგლუტიდზე, წლის მთავარი მიღწევა უწოდა.
პირველი GLP-1-ის იმიტირებული პრეპარატი 2005 წელს გამოჩნდა, მაგრამ ბუმი გასულ წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი დანიის ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk-მა სემაგლუტინზე დაფუძნებული პრეპარატის წარმოება დაიწყო. შეერთებულ შტატებში მას ჰქვია Ozempic-ი, რომელიც დიაბეტის სამკურნალო პრეპარატია და Wegovy – სიმსუქნის. მისი წინამორბედი წამლებისგან განსხვავებით, სემაგლუტიდი საჭიროებს ინიექციას კვირაში ერთხელ და არა დღეში 2-ჯერ. აღნიშნული პრეპარატის კვლევისას, ადამიანებმა 16 თვეში სხეულის წონის 15% დაიკლეს + დაეკაგათ მუდმივად ჭამის სურვილი.
როგორ მუშაობს დანიური კომპანიის წონის დაკლების პრეპარატი?
ახალი პრეპარატი გამოიმუშავებს ჰორმონს GLP-1. ეს ჰორმონი ნაწლავში საკვების მოხვედრისას ინსულინის გამომუშავებას ასტიმულირებს. ინსულინი სისხლში შემავალ გლუკოზას იყენებს და სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. სისხლში ინსულინის კონცენტრაციის ზრდას ამჩნევს ჰიპოთალამუსში არსებული კვების ცენტრი (თავის ტვინის ნაწილი), რომელიც გვაიძულებს ვიგრძნოთ შიმშილი. ამ პრეპარატის ეფექტი ის არის, რომ ადამიანს უბრალოდ არ სურს ჭამა.
პრეპარატის უპირატესობები
პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იწვევდა წონის მნიშვნელოვან კლებას. 2023 წელს ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის ასევე ამცირებს გულის უკმარისობის სიმპტომებს, ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
ამას გარდა, კვლევაში მონაწილე გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე 17 000 ჭარბი წონის მქონე ადამიანის შემთხვევაში, სემაგლუტიდის მიღებისას 20%-ით ნაკლები იყო გულის შეტევისა და ინსულტის რისკი, ვიდრე პლაცებოს მიღებისას.
რჩება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: მოგიწევთ თუ არა ამ წამლების მუდმივად მიღება, რომ წონა სასურველ დონეზე შეინარჩუნოთ? ერთ-ერთ კვლევაში, თერაპიის შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ, მომხმარებელმა დაკარგული წონის ორი მესამედი კვლავ მოიმატა. მკვლევრებისთვის, რომლებიც ახლა სულ უფრო მეტად თვლიან სიმსუქნეს ქრონიკულ დაავადებად, უწყვეტი მკურნალობის საჭიროება გასაკვირი არ არის. ახლა მთავარი ამოცანა წამლის ღირებულების შემცირებაა.
გვერდითი მოვლენები
ყველა წამალს აქვს გვერდითი მოვლენები, გამონაკლისი არც აღნიშნული პრეპარატია, მით უმეტეს მადის დაკარგვის შემთხვევაშიო. სემაგლუტიდის მიღების ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და კუჭის აშლილობა. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ღებინება და სხვა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები.
ექიმები ამბობენ, რომ ამ პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის ალერგიული რეაქციები, ჰიპოგლიკემია (სისხლში დაბალი შაქარი), დიაბეტური რეტინოპათია (თვალების სისხლძარღვების დაზიანება), თირკმლის უკმარისობა და თირკმელების სხვა პრობლემები. ასევე იზრდება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, ნაღვლის ბუშტის კენჭების და პანკრეასის შეშუპების რისკი.
კიდევ ერთი სახიფათო ფაქტია ის, რომ პრეპარატი არ არის შესწავლილი მოსახლეობის ფართო ჯგუფებში, ვინაიდან იგი შემუშავებულია დიაბეტით დაავადებულთათვის. აქედან გამომდინარე, მას შეიძლება ჰქონდეს სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჯერ არ არის დოკუმენტირებული.