პლატფორმა KLIPY, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ მესენჯერებს, სოციალურ ქსელებსა და მედია კომპანიებს კლიპებისა და GIF-ების მონეტიზაციაში ეხმარება, გასული წლიდან ზრდის ეტაპზე გადავიდა. კომპანიის დამფუძნებელი, გივი ბერიძე, 2024 წლის გეგმებს BMG-სთან აანონსებს.
“2 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და ამ დროის განმავლობაში ბიზნესიდეა რამდენჯერმე შევცვალეთ, ძალიან დიდი გზა გავიარეთ და დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბით ზრდის ეტაპზე ვართ. უკვე დავიერთეთ რამდენიმე ძალიან დიდი სოციალური ქსელი და წლის განმავლობაში კიდევ ბევრ სიახლეს დავაანონსებთ. ვაპირებთ რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო სოციალურ ქსელთან ინტეგრირებას ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე და შევდივართ ინდოეთშიც, სადაც ვითანამშრომლებთ მოწინავე მესენჯერებთან, სოციალურ ქსელებთან და Youtube-ისა და TikTok-ის მსგავს ვიდეო-პლატფორმებთან.
ერთ-ერთ მესენჯერში უკვე ვიწყებთ მონეტიზაციას, გვყავს ასი ათასობით მომხმარებელი და ვფიქრობთ, მალე მილიონსაც გადავაჭარბებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელი CLIPY-სთვის ზრდის წელი იქნება”, – ამბობს გივი ბერიძე.
KLIPY “საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის” ნომინაციაში თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტია. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობა გუნდის გაფართოების საშუალებას აჩენს.
“KLIPY-მ ძალიან დიდი გზა გაიარა, თავიდან Kikliko-ს სახელით ვიყავით ცნობილები და მას შემდეგ არაერთი ინვესტიცია მოვიზიდეთ, სულ ახლახან მივიღეთ $2 მილიონიანი ინვესტიციის შეთანხმებაც, რომლის ნაწილიც უკვე ავიღეთ. ბევრი მსხვილი ფონდი და კომპანია შემოგვიერთდა და ვცდილობთ, საქმეები ფარდის უკან ვაკეთოთ და შემდეგ სიახლეები გავასაჯაროოთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თიბისის დაჯილდოება საუკეთესო საშუალებას გვაძლევს, ჩვენზე ცნობადობა ავამაღლოთ და ბევრი საინტერესო, ნიჭიერი ადამიანი შემოვიერთოთ გუნდში. გარდა ამისა, ჩვენი კომპანიისთვისაც ერთგვარი დადასტურებაა, რომ 24-საათიანი შრომა, რომელსაც საქმეში ვდებთ, შეუმჩნევლად არ ჩაივლის”, – ამბობს გივი ბერიძე.
ცნობისთვის, KLIPY უკვე არის ინტეგრირებული iMessage-ში, Viber-ში და სხვა მასშტაბურ პლატფორმებში.