ქართული ეკონომიკის პრობლემებზე, ასევე ქართულ ეკონომიკაში არსებული პრობლემების დაძლევის შესაძლებლობასა და ვერსიებზე „ინტერპრესნიუსი“ აკადემიკოსს ლადო პაპავას ესაუბრა.
– ბატონო ლადო, ეკონომიკა ის სფეროა, რომელზეც ჩვენს საზოგადოებაში ხშირად კამათობენ პოლიტიკოსები და ისინი, ვისაც არ ეზარება. ფაქტია, რომ ეკონომიკაზე ხშირი საუბრის საფუძველს ხელისუფლება იძლევა იმაზე საუბრით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს, ლამისაა ბევრ პარამეტრში ევროპულ ქვეყნებს არ ჩამოვრჩებით და ასე შემდეგ.
არადა, ეკონომიკაში ბევრი არც არაფერი ხდება იმ თვალსაზრისით, რომ თუ რამ ხდება რეალურ ეკონომიკაში რეალური მატება არ ჩანს.
თუ რამ კეთდება სოფლის მეურნეობასა და კიდევ რიგ სფეროებში, მაგალითად გადამამუშავებელ თუ ადგილობრივ მომსახურების სფეროებში, უმეტესად ევროკავშირის დახმარებებით და ასევე სხვადასხვა ფონდების დახმარებით.
ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ხელისუფლებაც აქტიურობს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ხელისუფლების აქტიურობა და დახმარება, ძირითადად იმ ხალხს, მცირე და საშუალო თუ დიდ ბიზნესებზე ნაწილდება, ვინც დაახლოებულია სახელისუფლებო გუნდთან.
ასეა თუ ისე, ქართული ეკონომიკა რეალურად კი გვაქვს, მაგრამ არა ისეთი რომ გვინდა რომ გვქონდეს. თუმცა, ფაქტია, რომ 2024 წლის ბიუჯეტი მართლაც შთამბეჭდავი გვაქვს მისი ოდენობის გათვალისწინებით.
თქვენ როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას 2024 წლის დასაწყისისთვის?
– გეთანხმებით, რომ ეკონომიკაზე საუბრობს ყველა, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეკონომისტი, და ეკონომიკაში, როგორც ასეთში, ჭკუა მოეკითხება თუ არა. ეს ზუსტად ისეთივე ფენომენია, როგორც ფეხბურთი, როცა ყველა გულშემატკივარს ყველაზე დიდ საფეხბურთო სპეციალისტად მიაჩნია თავი. სინამდვილეში, არც ფეხბურთია მარტივი, და, მით უფრო ეკონომიკა კიდევ უფრო რთულია.
როცა ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკაზე აუცილებელია ის გლობალურ კონტექსტში განვიხილოთ, რადგანაც ბოლო ოთხი წელია მსოფლიო ეკონომიკა არნახული გამოწვევების წინაშე დადგა. კერძოდ, 2020 წლიდან მსოფლიოში განვითარდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემია, ხოლო მისი დასრულებისას, უფრო ზუსტად კი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი.
კოვიდ-19-ის პანდემიის დროს მედიცინა თავიდან უძლური იყო გამკლავებოდა კორონავირუსს და მისი გავრცელების შეზღუდვის ერთადერთი წყარო იყო ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვა. ამან გამოიწვია ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გაჩერება. შედეგად მივიღეთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომლის გამომწვევი მიზეზი იყო არა თავად ეკონომიკაში, არამედ ეკონომიკის მიღმა – მედიცინაში.
როგორც მოსალოდნელი იყო კრიზისში აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკაც. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნამ და მასობრივმა ვაქცინაციამ 2021 წელს შექმნა ობიექტური ნიადაგი იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები, თანდათან გაუქმებულიყო.
საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა თამამმა ნაბიჯებმა 2021 წელს იქონია ე.წ. „ზამბარის ეფექტის“ როლი, რის შედეგადაც წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ გადააჭარბა 10 პროცენტს. ეს შთამბეჭდავი ზრდა კი უფრო მაღალმა წლიურმა ინფლაციამ გადაფარა.
მაღალი ინფლაცია კი გლობალური მოვლენა იყო, რადგანაც მსოფლიოში ეკონომიკის ცალკეული დარგების გაჩერებამ გამოიწვია მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტა, რაც მიწოდების შემცირებაში გამოიხატა. ეს კი თავის მხრივ უცილობლად განაპირობებს ინფლაციის მაღალ დონეს.
რადგანაც საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, თუმცა როგორც სტატისტიკა აჩვენებს ეს იმპორტდამოკიდებულება ბოლო პერიოდში ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მცირდება, ის ინფლაციის მაღალი დონისგან დაცული ვერ იქნებოდა. მაგრამ წარმოიდგინეთ ისეთი შემთხვევა, რომ ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივთან შედარებით 2-ჯერ ან თუნდაც 3-ჯარ ნაკლები რომ ყოფილიყო, მაშინ მოსახლეობას გაზრდილი ინფლაციის პირობებში კიდევ უფრო გაუჭირდებოდა.
რუსეთის ომმა უკრაინაში და დასავლეთი მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ხელი შეუწყო იმ პროცესებს, რომლებსაც დასავლეთში „ნავთობის ომი“ და „სასურსათო ომი“ დაარქვეს. რუსეთი აქტიურად იყენებს თავის ენერგეტიკულ რესურსებს და ხორბალს სანქციის დამწესებლების წინააღმდეგ. შედეგად მოხდა მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია, რაც გლობალიზაციის კონფრონტაციულ ხასიათში გამოვლინდა.
ამ ვითარებაში საქართველო, რომ შეერთებოდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, ეს არა იმდენად რუსეთს, რამდენადაც საქართველოს დააზიანებდა. კერძოდ, ახალგაზრდა ქართველ ეკონომისტთა ჯგუფმა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ხელმძღვანელობით ჩაატარა კვლევა და აჩვენა, რომ სანქციებთან მიერთების შემთხვევაში, 2022 წელს საქართველოში იქნებოდა ეკონომიკის 10 პროცენტიანი ვარდნა. 2022 წელს გვქონდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რაც არსებითად იმან განაპირობა, რომ საქართველო გახდა რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან გამოქცეული ადამიანების თავშესაფარი. მათ საქართველოში თავისი ბიზნესი გადმოიტანეს.
ამ ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი რუსეთიდან შემოსული ნაკადის დიდმა ნაწილმა 2023 დატოვა საქართველო, ზოგი სამშობლოში დაბრუნდა, ზოგიც მესამე ქვეყნებში გადავიდა. მიუხედავად ამისა, 2023 წელსაც საკმაოდ მაღალი 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.
ფაქტია, რომ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომ 2012 წელთან შედარებით 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3-ჯერაა გაზრდილი, რამაც შესაძლებელი გახადა მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაფართოება, არსებითად იზრდება მასწავლებლების ხელფასები, პენსიები, სხვადასხვა სახეობის სოციალური გასაცემები, რისი არდანახვა შეუძლებელია.
საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა თამამმა ნაბიჯებმა 2021 წელს იქონია ე.წ. „ზამბარის ეფექტის“ როლი, რის შედეგადაც წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ გადააჭარბა 10 პროცენტს. ეს შთამბეჭდავი ზრდა კი უფრო მაღალმა წლიურმა ინფლაციამ გადაფარა
საქართველოს ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, პრობლემად რჩება მისი იმპორტდამოკიდებულება, ეკონომიკის მატერიალური დარგების ტურიზმისა და საფინანსო სექტორების განვითარებასთან შედარებით ჩამორჩენა. ეს ამოცანები კი მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას და ძალისხმევას.
თქვენ ვრცელ კითხვაში არის მინიშნება კორუფციის შესახებ. თუმცა, თქვენვე სამართლიანად აღნიშნავთ იქვე – „როგორც ამბობენ“. ამ სიტყვათაწყობის საპირისპიროდ სულ სხვა სურათს იძლევა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგები საქართველოში კორუფციის დონის შესახებ.
რა თქმა უნდა, იდეალური კვლევა ვერც ერთ სფეროში ვერ იქნება ჩატარებული, თუმცა, ჩემთვის მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევა უფრო საიმედოა, ვიდრე ფრაზა „როგორც ამბობენ“…
– ვხედავთ, რომ მსოფლიო ეკონომიკას თავისი გამოწვევები აქვს რუსეთ-უკრაინის ომის გამო. ევროპა და ამერიკა ცდილობენ მაქსიმალურად, რამდენადაც შესაძლებელია იზოლაციაში მოაქციონ რუსეთი, მაგრამ, ვხედავთ, რომ ისინიც დიდი გამოწვევების წინაშე არიან.
საქართველოს ის გვიმსუბუქებს ვითარებას, რომ საქართველოს უარი არ აქვს ნათქვამი და არ შეერთებია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. კარგია, რომ თბილისის ამ პოზიციას ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაგებით ხვდებიან.
კარგია ისიც, რომ მათი მხრიდან არავის დავუდანაშაულებივართ რუსეთის მხარდაჭერასა და მათთვის სამხედრო წარმოებისთვის გამოსაყენებელი საქონლის მიწოდებაში.
ბევრი დამკვირვებლის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც 2022 წელს 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე.
რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ქართული ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული? რა საფრთხეების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ამგვარი ტენდენცია?
– რუსეთის ომზე უკრაინაში და დასავლეთის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე ზემოთ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. აქ იმას დავუმატებდი, რომ, სამწუხაროდ, ამ სანქციებს თავად მათი დამწესებლები არღვევენ.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის შესყიდვაზე დასავლეთმა დააწესა ფასის ზედა 60 აშშ დოლარიანი ზღვარი, 2023 წლის მიწურულს ეს სანქცია თავად აშშ-მ დაარღვია, და ორჯერ განახორციელა რუსული ნავთობის შესყიდვა ჯერ 74, შემდეგ კი 76 აშშ დოლარად.
სამწუხაროდ, დარღვევათა სიის გაგრძელება სულაც არ არის ძნელი, თუმცა ყველაზე მძიმე ფაქტი დაფიქსირდა მაშინ, როცა უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსების მიერ გამოყენებული ირანული წარმოების დრონები. კერძოდ, როცა ისინი დაშალეს აღმოჩნდა, რომ ამ დრონების შიგთავსის 82 პროცენტი აშშ-ში ყოფილა წარმოებული.
თანაც აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ს უკვე არაერთი ათეული წელია, რაც დაწესებული აქვს ეკონომიკური სანქციები! არც თუ დიდი ხნის წინ დასავლეთმა აამოქმედა სანქციების მე-12 პაკეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პაკეტი „ხვრელებითაა“ სავსე. მაგალითად ამ მე-12 პაკეტით ევროკავშირმა უარი თქვა რუსეთიდან ბრილიანტების შესყიდვაზე. გამოდის, რომ წინა 11 პაკეტის პირობებში ევროკავშირი რუსეთიდან ყიდულობდა ბრილიანტებს, ანუ ფუფუნების საგანს, და ამით გარკვეულწილად აფინანსებდა მოსკოვს ომის საწარმოებლად!
მართალია, საქართველო არ შეერთებია ხსენებულ ეკონომიკურ სანქციებს, მაგრამ თბილისი, სადაც მას ეს მოეთხოვება ამ სანქციებს იცავს. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ იმდენი ჩასაფრებული, მათ შორის შინაური, მტერი გვყავს, რომ რაიმე გადაცდომას რომ ჰქონდეს ადგილი აუცილებლად ატეხდნენ საყოველთაო განგაშს.
ფაქტია, რომ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომ 2012 წელთან შედარებით 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3-ჯერაა გაზრდილი, რამაც შესაძლებელი გახადა მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაფართოება, არსებითად იზრდება მასწავლებლების ხელფასები, პენსიები, სხვადასხვა სახეობის სოციალური გასაცემები, რისი არდანახვა შეუძლებელია
საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან რუსეთი სიდიდით ყოველთვის იყო რიგით პირველი ან მეორე (ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე იყო თურქეთი) სავაჭრო პარტნიორი.
„სასურსათო ომის“ პირობებში ძნელია, შესაძლოა შეუძლებელიც კი, რუსული ხორბლის იმპორტი ჩაანაცვლო სხვა სხვა ქვეყნიდან ხორბლის იმპორტით. ამ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების ზრდას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის პარტნიორების რიცხვის გაზრდა, ანუ საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია, რაც შეამცირებს რისკებს და გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დონეს.
– ეკონომიკის თემებში გარკვეული ადამიანები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური სივრცე მცირეა და ამის გამო მას ბევრი პრობლემა აქვს. მაგრამ, აქვს პლუსებიც.
პლუსად მიიჩნევა ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემა, საბაჟო სისტემის გამართული მუშაობა, „თავისუფალი ვაჭრობის“ დიდი ზონა, იგულისხმება ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა.
მაგრამ, მათივე აზრით, მიმზიდველ საგადასახადო სისტემას სჭირდება მეწარმის, ინვესტორის უფლებების გარანტირებული დაცვა საერთაშორისო დონეზე. ასევე ის, რომ ბიზნესის არბიტრაჟი ინტეგრირებული იყოს საერთაშორისო ანალოგიურ სტრუქტურებში. როგორც ვხედავთ, ქართული ეკონომიკური სივრცე საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ, მაინც არ გვყავს ბევრი ინვესტორი.
სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში დასავლელი და ამერიკელი ბიზნესმენები ინვესტიციებს მაინცადამაინც არ დებენ? თუ დებენ, მათი რაოდენობა, არც ისე დიდია?
– ის, რომ საქართველოს ერთდროულად აქვს ორ დიდ ეკონომიკურ სივრცესთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ეს ქვეყნის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თითქმის ნახევარ მილიარდიან ევროკავშირთან და თითქმის მილიარდნახევრიან ჩინეთთან. ამ უპირატესობას კი გამოყენება უნდა, რის კარგ შესაძლებლობას ქმნის ე.წ. „შუა დერეფნის“ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტი, როცა საქართველო არა მარტო ტვირთების გამტარი, არამედ თავად უნდა გახდეს საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.
საქართველო არ შეერთებია ხსენებულ ეკონომიკურ სანქციებს, მაგრამ თბილისი, სადაც მას ეს მოეთხოვება ამ სანქციებს იცავს. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ იმდენი ჩასაფრებული, მათ შორის შინაური, მტერი გვყავს, რომ რაიმე გადაცდომას რომ ჰქონდეს ადგილი აუცილებლად ატეხდნენ საყოველთაო განგაშს
სერიოზული ამერიკული ინვესტიციის მაგალითს წარმოადგენს გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ამერიკული კომპანიის „ეი-ი-ეს“-ის მიერ პრივატიზაციის გზით თელასის 75 პროცენტის ყიდვა. სამწუხაროდ, ეს ამერიკული კომპანია (არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც) გაკოტრდა და თავისი წილი რუსულ ენერგეტიკულ გიგანტს „რაო ე-ეს“-ს მიყიდა…
აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლური კაპიტალის ხარჯზე საქართველოში წარმატებით განხორციელდა მილსადენების არაერთი პროექტი (ორი ნავთობსადენი და ერთი გაზსადენი).
რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკით დაინტერესებას უცხოელი ინვესტორების მხრიდან, ეს მარტო საგადასახადო შეღავათებით, ან ბიზნესის დაწყების სიმარტივით, ან სხვა მსგავსი ფაქტორებით დიდად ვერ გაიზრდება.
არანაკლები მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ომში ჩართვის რისკებს, ოკუპირებული ტერიტორიების არსებობას, პოლიტიკურ სტაბილურობას თუ არასტაბილურობას (რევოლუციად მონათლული სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეს), და სხვ.
– ბევრი ამის მიზეზად ასახელებს მათთვის არასაიმედო სასამართლო სისტემას. უფრო სწორად იმას, რომ სასამართლო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
თუმცა, ქვედა დონეზე არ ჩანს, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლებას ემორჩილება, მაგრამ, თუ საქმე დიდ ეკონომიკურ მოგებას, ან პოლიტიკურ თემებს ეხება, სასამართლო სისტემა ცდილობს გაითვალისწინოს ხელისუფლების პოზიცია.
ვინც ასე თვლის, მათივე მტკიცებით უსაფუძვლოა მტკიცება, რომ „ქვეყანა მონოპოლიებმა შეჭამა“. თუმცა, მათივე მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკა დღეს „ოლიგოპოლიების კვაზი ფორმას წარმოადგეს“.
გარდა ამისა, მათივე აზრით, პოპულიზმია მტკიცება, რომ გადასახადებს დავწევთ და „ქვეყანა გაბრწყინდება“.
რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები?
– როცა სასამართლოს მიერ დაშვებულ შეცდომებზე ვსაუბრობთ აუცილებელია კონკრეტული მაგალითების განხილვა… რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას, ეს უწყვეტი პროცესია, რასაც არც არვინ უარყოფს. ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტი, როგორც ვიცით, აქტიურად თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან და, რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა კიდევ ურო გააქტიურდება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისათვის და თავად მოლაპარაკებების პროცესში.
ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მონოპოლიების არსებობა აფერხებს ეს ეკონომისტებისთვის ანბანური ჭეშმარიტებაა. სწორედ ამიტომ არსებობს საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტო, რომლის საქმიანობაც, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, შესაბამის კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ, აშკარად გააქტიურდა.
საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თითქმის ნახევარ მილიარდიან ევროკავშირთან და თითქმის მილიარდნახევრიან ჩინეთთან. ამ უპირატესობას კი გამოყენება უნდა, რის კარგ შესაძლებლობას ქმნის ე.წ. „შუა დერეფნის“ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტი, როცა საქართველო არა მარტო ტვირთების გამტარი, არამედ თავად უნდა გახდეს საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა
ის, რომ გადასახადების დაწევით „ქვეყანა გაბრწყინდება“ ეს, რა თქმა უნდა პოპულიზმია. თანაც საქართველოში იმდენად დაბალია საგადასახადო ტვირთი, რომ მისი მეტად შემსუბუქება სახელმწიფო ბიუჯეტს დააკარგვინებს საგადასახადო შემოსავლებს, რითაც დაზარალება, როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე სერიოზული პრობლემები შეექმნება სოციალურ სფეროს.
– როცა ქართული ეკონომიკის პრობლემაზე საუბრობენ, უპირველეს პრობლემად შრომითი რესურსის ხარისხი სახელდება. ბიზნესის წარმომადგენლებისგან ხშირად გვემის ამის შესახებ.
არადა, ვინც ქვეყანას ტოვებს, მათი უმეტესობა სწორედ ახალგაზრდები არიან. მათ შორის მიდიან ისინიც, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და ადგილზე დასაქმების საშუალება არ ეძლევა.
ვინც ამ თემებზე მუშაობს, თვლის, რომ ამ თვალსაზრისით ქართული ბიზნესიც სცოდავს, რადგან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის კულტურა 90-იანი წლების ბიზნესურთიერთობებშია ჩარჩენილი.
არადა, შრომითი რესურსების გადინებას შემაშფოთებელი მასშტაბები აქვს მიღებული. რა უნდა კეთდებოდეს საიმისოდ, რომ ქვეყნიდან ახალგაზრდა შრომითი რესურსების გადინება, როგორც მინიმუმ, შემცირდეს?
– საქართველოში სერიოზული პრობლემაა კვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობა. ეს კი უკავშირდება პროფესიული განათლების სისტემის არსებით გაუმჯობესებას, რაზეც საკმაოდ აქტიურად მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არაერთი პრობლემაა გადასაჭრელი.
ის, რომ ქვეყნიდან გადის ახალგაზრდობა ეს ანგარიშგასაწევია, თუმცა, ჩემი აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ მათგან რამდენი ბრუნდება სამშობლოში. გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უკეთესი სამუშაოს ძებნაში ადამიანის მნიშვნელოვანი რაოდენობა გადიოდა და ახლაც გადის დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში…
იმისთვის, რომ საქართველოდან გასული ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდეს აუცილებელია საქართველო გადავიდეს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე, რისთვისაც კარდინალურად უნდა შეიცვალოს მეცნიერების მიმართ პოლიტიკოსების და მთლიანად საზოგადოების დამოკიდებულება.
ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მონოპოლიების არსებობა აფერხებს ეს ეკონომისტებისთვის ანბანური ჭეშმარიტებაა. სწორედ ამიტომ არსებობს საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტო, რომლის საქმიანობაც, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, შესაბამის კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ, აშკარად გააქტიურდა
მეცნიერის პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მეცნიერების ისეთ დარგებს, როგორიცაა ფიზიკა, მათემატიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ქიმია, ბიოლოგია.
დღეს დიდი შემოსავლების მომტანია სამედიცინო ფიზიკა, ხელოვნური ინტელექტის შექმნის მიმართულებები, ფარმაკოლოგია, ბიოტექნოლოგიები. ამ შემთხვევაში, მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდობას ექნება სამშობლოში დასაქმების ადეკვატური პირობები. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ მხრივ სამაგალითოა ესტონეთის გამოცდილება, რაც აუცილებლადაა გასაზიარებელი.
– ვინც ეკონომიკაზე ხშირად ცდილობს მსჯელობას, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ყველაფერი სტანდარტულია, მაგრამ, რეალურად, თუ კარგად დავაკვირდებით, იგი მკვეთრად განსხვავდება თუნდაც ევროპულისგან.
ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების, ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა ყველას თანაბრად აქვს.
მაგრამ, რაც შეეხება რესურსებზე წვდომას, საქართველოში ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. როგორც ამბობენ ფინანსურ რესურსებზე წვდომის პრობლემა ყველა განვითარებად ქვეყანას აქვს. შესაძლოა, ეს პრობლემა ჩვენში სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად პრობლემურიც კი იყოს.
ფაქტია, რომ ეს თემა საქართველოში ბანკების პრობლემას უკავშირდება. საქართველოში საკმაოდ ბევრი ბანკი ფუნქციონირებს. მაგრამ, ფაქტია, რომ რესურსების 80% სამ ძირითად ბანკებშია კონცენტრირებული.
იგივე სურათს ვხედავთ ნავთობპროდუქტების, ფარმაცევტულ ბაზარზე. ისეთი პირი უჩანს, რომ სამშენებლო ბაზარზეც ასეთი ვითარება იქნება.
ამ სფეროებზე ამჯერად არ გვინდა საუბარი, ჩვენში ყველაზე მეტად გამართულ საბანკო სისტემაზე მინდა გიკითხოთ.
ვიცით, რომ ევროპულ ბანკებში სესხის აღების პროცენტი საკმაოდ დაბალია. ჩვენში კი ძალიან მაღალი. როცა ვამბობთ, რომ ევროპას უნდა დაუახლოვდეთ, ცხადია ეს ქართულ საბანკო სისტემასაც უნდა შეეხოს.
გაქვთ მოლოდინი, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოების კვალობაზე ქართული საბანკო სისტემის ძირითადი მოთამაშეები სესხების გაცემაში მალე დაემსგავსებიან ევროპულ ბანკებს?
– ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ჯეროვნადაა გამართული და კრიზისულ ვითარებაშიც კი საკმაო მდგრადობას ინარჩუნებს.
ის, რომ საქართველოში საკრედიტო რესურსი ძვირია, ამის უმთავრესო მიზეზი ჩვენს ეკონომიკაშია, რომლის განვითარების შედარებით დაბალი დონის გამო ქვეყნის ეროვნულ შემოსავალში დაგროვების დონე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად დაბალია.
იმისთვის, რომ საქართველოდან გასული ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდეს აუცილებელია საქართველო გადავიდეს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე, რისთვისაც კარდინალურად უნდა შეიცვალოს მეცნიერების მიმართ პოლიტიკოსების და მთლიანად საზოგადოების დამოკიდებულება
იმავდროულად, ნამდვილად საგანგაშოა ის გარემოება, როცა ქვეყნის წამყვანი ბანკების მოგებაში დიდი ხვედრი წილი უკავია საკომისიოებიდან, საურავებიდან, ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს. ვფიქრობ, ამ კუთხით საქართველოს მთავარი საბანკო მარეგულირებლის – საქართველოს ეროვნული ბანკის გააქტიურება ისე, რომ საბანკო სისტემა, როგორც ასეთი, არ დაზიანდეს, აუცილებელია.
ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ყოფნა აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რომ საბაკო კრედიტის პროცენტი შემცირდეს. ბევრად უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება ევროზონაში შესვლა, თუმცა ევროზონას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს და ეს მსჯელობის ცალკე თემაა.
ის, რომ საქართველოში საკრედიტო რესურსი ძვირია, ამის უმთავრესო მიზეზი ჩვენს ეკონომიკაშია, რომლის განვითარების შედარებით დაბალი დონის გამო ქვეყნის ეროვნულ შემოსავალში დაგროვების დონე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად დაბალია
მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ევროზონაში გაწევრიანების მიზანშეწონილობის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
– ბანკების თემას იმიტომ შევეხე განსაკუთრებით, რომ კეკელიძის ქუჩაზე მომხდარმა, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
როგორც აღმოჩნდა, ქართულ ბანკებში სესხის აღების წესი 2018 წლიდან იმდენად გართულებულია, რომ „ბაზარმა“ ჩვენში სესხის გამცემები, რომლებსაც „მევახშეებს“ ეძახიან, მათი რიცხვი საკმაოდ გაზარდა.
ახლა საუბრობენ იმაზე, რომ კანონმდებლობამ მოქალაქესა და ე.წ. „მევახშეს“ შორის ურთიერთობა უნდა მეტად დაარეგულიროს. არადა, ცხადად ჩანს, რომ „ბაზარზე“ „მევახშეების“ გაჩენა იმის შედეგია, რომ ბანკებში გართულებულია სესხების გაცემა.
მე, და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ამ თემებში ნაკლებად ერკვევა, მაგრამ, „მევახშეების“ გაჩენა რომ იმას უკავშირდება რომ ბანკებში გართულებულია სესხის აღება, ფაქტია.
ზოგადად, „მევახშეებს“ არც არაფერს ვერჩი, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ კეკელიძეზე მომხდარის მსგავსი შემთხვევებზე ხელისუფლებასაც უნდა ჰქონდეს რეაქცია და ბანკირებსაც.
რეაგირებისა და ოპტიმალური გამოსავლის თვალსაზრისით, ყველაზე საუკეთესო რეაგირება და გამოსავალი როგორი გადაწყვეტილება იქნებოდა?
– დღეს ცდუნება, რომ მოქალაქემ აიღოს სესხი ძალზედ მაღალია. მარტო მობილურ ტელეფონებზე, არა მარტო ბანკებიდან, გაგზავნილი ინფორმაციაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ცდუნებას ვერ გაუძლოს და სესხი აიღოს.
საზოგადოებაში გავრცელებული ინფანტილიზმის გამო, არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ დაუდგებათ ვალის, თანაც საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით, დაბრუნების დრო.
ნამდვილად საგანგაშოა ის გარემოება, როცა ქვეყნის წამყვანი ბანკების მოგებაში დიდი ხვედრი წილი უკავია საკომისიოებიდან, საურავებიდან, ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს. ვფიქრობ, ამ კუთხით საქართველოს მთავარი საბანკო მარეგულირებლის – საქართველოს ეროვნული ბანკის გააქტიურება ისე, რომ საბანკო სისტემა, როგორც ასეთი, არ დაზიანდეს, აუცილებელია
ბევრი, გულუბრყვილოდ იმედოვნებს, რომ ამ ვალს მას ჩამოაწერენ… სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვალის ამღებთა შორის არიან ის გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც გამოუვალ მდგომარეობაშია და ფული გადაუდებლად ესაჭიროება.
ასე, რომ რთული და სათუთი საბანკო სფერო აუცილებლად უნდა მოექცეს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ზედამხედველობის ქვეშ. ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერი საკრედიტო საქმიანობა უნდა რეგულირდებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე და თუ ამ კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არის რაიმე „ხარვეზი“, ის აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი