„მუდმივად ცვივა სამშენებლო ელემენტები, ფასადი დაშორებულია საყრდენ კედელს“ – შრომის ინსპექცია რესპუბლიკური კლინიკის შესახებ

იმ ფონზე, როცა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, შრომის ინსპექციის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოლო შემოწმების დეტალებს ასაჯაროებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მოკვლევის ოქმის თანახმად, გასული წლის 28 დეკემბერს შრომის ინსპექციის სამსახურში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კლინიკის მაღლივი სართულებიდან ფასადის ფრაგმენტების ცვენა დაიწყო. სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და თანამშრომლებს გაესაუბრნენ. მათ დაადგინეს, რომ 28 დეკემბერს, ძლიერმა ქარმა და წვიმამ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამკურნალო კომპლექსის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში
არსებული დაზიანებული ფასადიდან ფრაგმენტების (ფანჯარა, მეტალის ჩარჩო და სამშენებლო ელემენტები) ცვენა გამოიწვია.
ოქმში აღნიშნულია ისიც, რომ ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები გაესაუბრნენ დამსაქმებლებს, დასაქმებულებსა და სხვა პირებს, ასევე დაათვალიერეს ტერიტორია. შედეგად კი გაირკვა, რომ ობიექტის მიმართ გაცემული იყო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კლინიკის ძირითადი მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც მწვავე ავარიული.
„დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობის არსებული სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება. ასევე, შენობის დათვალიერებისას გამოირკვა, რომ მაღალსართულიანი მეორე შენობის (სამკურნალო კომპლექსი) ზედა სართულებზე წინა ფასადი დაახლოებით 20-30 სმ (ზოგ ადგილებში უფრო მეტი მანძილითაც) დაშორებულია საყრდენ კედელს, ფანჯრის ალათის გამოვარდნის საწინააღმდეგოდ, ალათები დროებითი მოქნილი დამჭერებით (ნაჭრის ღვედებით) ჩამაგრებულია თვითმზიდ გრძივ კედლებში, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედოა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ვარდნა და როგორც შენობის გარე პერიმეტრზე მოძრავ პირთა, ასევე შენობის შიდა პერიმეტრზე არსებული პირების დაზიანება. არამზიდ კედლებზე არსებულ ლითონის კარკასზე მრავალ მონაკვეთზე არსებული შემონაკერები დაზიანებულია ან საერთოდ არ არსებობს. ფანჯრის ჩარჩოების ჩამაგრება არამზიდ კედლებზე განხორციელებულია მოპირკეთების ფილის სისქის საანკერო ჭანჭიკებით, რაც კონსტრუქციულად არასაიმედოა. მაღლივი სართულების უკანა პერიმეტრის ნაწილი მთლიანად მოხსნილია, ნაწილი შეუმინავი. მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, სამედიცინო ობიექტი შეზღუდვებისა და დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების გარეშე ახორციელებდა სამუშაო პროცესს. “ – წერია ოქმში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ დასაქმებულთა და სხვა პირებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ კოპმლექსის ფასადიდან მუდმივად ცვივა სამშენებლო ელემენტები როგორც გარე პერიმეტრზე, ისე შიდა ეზოში. მათივე თქმით, გადმოვარდნილი სამშენებლო მასალები დაფიქსირდა არა მხოლოდ კომპლექსის წინა მხარეს არსებულ ეზოში ცენტრალური შესასვლელის წინ მდებარე შადრევანზე, ასევე ვაჟა-ფშაველას ქუჩის მხარეს არსებულ ფეხით მოსიარულეთა ბილიკსა თუ საავტომობილო გზაზე.
შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი დაიწყება.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
„პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარებულმა კვლევებმა, კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია, ძირითად შემთხვევაში, შეუძლებელი და არარენტაბელურია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე – კლინიკური და ფინანსური გამოწვევები,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
jandacva.ge