კობახიძე მთავრობის არაღიარების კრიმინალიზებაზე: დროულია, იმედია, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე მთავრობის არაღიარების შესაძლო კრიმინალიზების ინიციატივას იწონებს და იმედს გამოთქვამს, რომ “პარლამენტი ამ კანონპროექტის მიღებას ბოლომდე მიიყვანს”.
ჟურნალისტებმა ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი გორდულაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელიც გუშინ არალეგიტიმურ პარლამენტში გამოვიდა ინიციატივით, თანხმობის შემთხვევაში, “კონსტიტუციური ორგანოების არცნობის” შესახებ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს “ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივაა”.
“ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი – დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები და წყობილება ყველამ უნდა აღიაროს და თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს კანონმდებლობამ. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას. […]
რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი არის სათანადოდ დაცული – ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ბუნებრივია, ქვეყანა და სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება ასეთ საბოტაჟის რეჟიმში, ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია