რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი – მინისტრთან კომპენსაციაზე საუბარს არ ვაპირებთ – მას იმ შემთხვევაში შევხვდებით, თუ კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას გააუქმებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის განცხადებით, მედიკოსთა ნაწილი ჯანდაცვის მინისტრთან კომპენსაციაზე საუბარს არ აპირებს და ზურაბ აზარაშვილს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას გააუქმებს.
აღნიშნულით ის „ინტერპრესნიუსთან“ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ მინისტრი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს.
„მინისტრთან ჩვენ კომპენსაციაზე საუბარს არ ვაპირებთ. მინისტრს იმ შემთხვევაში შევხვდებით, თუ გააუქმებს ბრძანებას რეორგანიზაციის შესახებ და სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდებით“,- აღნიშნა ნინო ოთარიშვილმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შორის შეხვედრა დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში 15:00 საათზეა დაგეგმილი, პარალელურად კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ნაწილი სამინისტროსთან აქციას გამართავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დღევანდელ შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი, დეტალურად იქნება განხილული.
სამედიცინო პერსონალი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით. როგორც ისინი განმარტავენ, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალისთვის მოულოდნელი იყო.
ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.