„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში „ქართულმა ოცნების“ ინიციირებული ცვლილებები პარლამენტმა ხმით 85 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, დაჩქარებული წესით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში სრული ზოგადი განათლება არანაკლებ — 11 და არაუმეტეს 12 წლით განისაზღვრება. ზოგადი განათლების საფეხურები კვლავ სამი იქნება:
· დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები)
· საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები)
· საშუალო (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი)
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი — ატესტატი — მოსწავლის მიერ 11 კლასის პროგრამის დაძლევის შედეგად გაიცემა, ხოლო ნებაყოფლობითი XII კლასის დასრულების შედეგად, დამატებით მიიღებს 12-წლიანი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას.
გარდა ამისა, ცვლილებებით:
· კანონიდან ამოღებული იქნება სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებული ნორმები და გაიწერება, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შექმნას, მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, საჯარო სკოლებისთვის მის მიწოდებას. სამინისტრო დაამტკიცებს სახელმძღვანელოს საფასურს, მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და ამოცვლის წესს. სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს სამინისტროს მიერ შექმნილი ან სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
· ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც დაამტკიცებს სამინისტრო. სკოლას უფლება აქვს, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზეც დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ, დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.
· ეკონომიკური აქტივობების განსახორციელებლად, მათ შორის, ფორმების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო უფლებამოსილია დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
· სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს;
· საქართველოს მთავრობა, სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცებს ზემოხსენებული საკითხების განხორციელების მიზნით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და კერძო სკოლის შესაბამისი მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით, ასევე, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამას.
· მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები, რომელიც მოაწესრიგებს 2026 წლიდან საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებს.
ამ თემაზე:
„რეფორმა“ ანუ ტოტალური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე




