„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა.
კანონპროექტი ითვალისწინებს, მასწავლებლის მომზადების ხუთწლიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ამოღებას. ცვლილების შედეგად, მასწავლებელთა მომზადება ბაკალავრიატის საფეხურზე მოხდება.
კანონპროექტით, იცვლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი. ამავე დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი, თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
ასეთ შემთხვევაში, განათლების მინისტრი უფლებამოსილი იქნება, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი კოლეგიალური მმართველი ორგანო — დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით გადაეცემა აკადემიური საბჭოს და/ან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება.
კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ.
აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა, ასევე რეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.
კანონპროექტით, წამყვანი პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.




