გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრის, მარკ პრიჩარდის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ირანი საქართველოს სანქციების გვერდის ავლისა და მათი დარღვევისთვის იყენებს.
ამის შესახებ მან 3 თებერვალს თემთა პალატაში ისაუბრა.
მარკ პრიჩარდის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობამ უნდა განიხილოს გამოძიების დაწყება იმის დასადგენად, აფინანსებს თუ არა ირანი თავის რეჟიმს საქართველოს გამოყენებით.
„საბედნიეროდ, ირანული გავლენა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მცირდება, თუმცა ერთი ქვეყანა, სადაც, როგორც ჩანს, ეს გავლენა მზარდია, საქართველოა. იზიარებს თუ არა მინისტრი ჩემს შეშფოთებას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რეგისტრირებულია 13 000-მდე ირანული კომპანია, რომელთაგან 700 ერთ პატარა სოფელში მდებარე ერთ პატარა შენობაშია რეგისტრირებული? იქ არსებობს სანქციების გვერდის ავლისა და მათი დარღვევის პოტენციური საფრთხე. ეს ფული კვებავს ირანის რეჟიმს და აფინანსებს მის ბოროტ და მავნე საქმიანობას მთელ მსოფლიოში.
განიხილავს თუ არა მინისტრი ამ საკითხს საგარეო საქმეთა მდივანთან და გამოიძიებს თუ არა, აფინანსებს თუ არა ირანი თავის რეჟიმს საქართველოს, როგორც შავ ზღვის უკანა კარის, გამოყენებით?“, – განაცხადა მარკ პრიჩარდმა.




