ბოლო 30 წელიწადში ყველამ, ვინც რუსეთთან ღიად ითანამშრომლა, კისერი წაიტეხა პოლიტიკურად, ამიტომ არ მგონია, ღარიბაშვილი ამის გამკეთებელი იყოს – შეეცდებიან პუტინი არაფორმალურად დააშოშმინონ, ახლა არჩევნები გვაქვს და მერე ყველაფერს გავაკეთებთო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ახლა არჩევნები მოდის და მიწვევაზე უარის თქმის გარდა „ქართულ ოცნებას“ სხვა არჩევანი არ გააჩნია.
მისივე თქმით, კრემლში მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე შეიძლება წახვიდე, თუ გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხდება.
„ეს განცხადება არ არის შემთხვევითი და არ უნდა ჩავთვალოთ, თითქოს დიასპორის წარმომადგენელმა გააკეთა. ეს შეთანხმებული იქნება რუსეთში კრემლთან და ეს ნიშნავს, რომ რუსები „ქართულ ოცნებას“ ეუბნებიან, რომ ერთგულებას, რასაც გვიმტკიცებ შორ დისტანციაზე სიტყვებით, ახლა გადავიდეთ ამ ერთგულების საქმით დამტკიცების ეტაპზე. ეს არის, მეტი არაფერი. თუ აფხაზეთს გვიბრუნებენ, პრობლემა არაა, ჩვენ ჩავალთ მოსკოვში, მაგრამ აქ ხომ რაზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველომ უარი თქვას სახელმწიფოებრიობაზე, თავისუფლებაზე. ეს არის შეთავაზება რუსებისგან, რაც რუსებს ემეტებათ საქართველოსთვის,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ქართული დიასპორის წარმომადგენელმა, დავით ცეცხლაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოწვევას უგზავნის და იმედი აქვს, თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება.