„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების რეორგანიზაციის შესახებ უკვე მიღებულია.
„პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მე ვერანაირად გადავხედავ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“, – განუცხადა გაბისონიამ „ტვ პირველს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესორებთან შეთანხმების გარეშე, გაბისონია ამბობს, რომ სამთავრობო ტიპის გადაწყვეტილებაა.
„ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, ზოგადად, პროფესურის ნაწილზე არ არის საუბარი, აქ საუბარია გარკვეული ტიპის ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საჭიროებს სამთავრობო ტიპის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ამასთან ზვიად გაბისონია აცხადებს, რომ თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის მინიმალური ვადა, სავარაუდოდ, 6 თვე იქნება, თუმცა ის შეიძლება გაგრძელდეს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
29 იანვარს გივი მიქანაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას აპირებს. როგორც გაირკვა, ამ გადაწყვეტილების შესახებ უნივერსიტეტის პროფესურამ და სტუდენტებმა მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს. გადაწყვეტილებას აპროტესტებენ როგორც თსუ-ს ისე, სტუ-ს ლექტორები და სტუდენტები.




