“ქართული ოცნება” ანადგურებს პოლიტიკურ თავისუფლებებს – SJC რეპრესიულ კანონპროექტებზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები გაანადგურებს პოლიტიკურ უფლებებს. საუბარია გრანტების, სახელმწიფო აუდიტისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე.
“ცვლილებების თანახმად, ფართოვდება გრანტის ცნება, რაც სახელმწიფოს კონტროლს უქვემდებარებს და კრიმინალიზებას უკეთებს ნებისმიერ პირის პოლიტიკურ თვითგამოხატვას, თუკი ეს პირი ფინანსურ სახსრებს იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირისგან.
დამატებით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც დიდწილად უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. პოლიტიკური პარტიებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ფინანსური გამჭვირვალობისა და მონიტორინგის ვალდებულებები ფართოვდება და ვრცელდება ასევე პირზე, რომელიც არ არის პარტია, თუმცა საკუთარი საქმიანობის შინაარსით, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, ემსგავსება პარტიას.
დამატებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება მეწარმე იურიდიული პირებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას.
[…] სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოურ ქვეყნებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ნებისმიერი ტიპის ფინანსურ თანამშრომლობას მათი პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობად განიხილავს, ხელისუფლების კონტროლსა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უქვემდებარებს, ფაქტობრივად სრულად გასულია კონსტიტუციურ-სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჩარჩოდან.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სივრცეების მიღმა მთელს საზოგადოებაზე კონტროლის მოპოვებისა და პოლიტიკური თავისუფლების ამ ხარისხით შეზღუდვის დაანონსებული რეალობა, ბევრად საშიშ სახეს იღებს და ის კიდევ უფრო ინტენსიურ და მასობრივ ფორმებს იღებს, ვიდრე აქამდე მიღებული ანტიდემოკრატიული კანონები.. საზოგადოების პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვისა და კონტროლის ამგვარი ყოვლისმომცველი მცდელობა ფაქტობრივად უპრეცედენტოა თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების უმეტესობისთვისაც კი, ძირითადად იმეორებს რუსეთსა და ბელორუსში ბოლო წლებში მიღებულ, ე.წ. “მეორე თაობის აგენტების კანონმდებლობის” შინაარსებს და მისი ამ ფორმით მიღების შემთხვევაში სავალალო შედეგები ექნება ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები მიუთითებს, “ქვეყანაში პოლიტიკური გამოხატვის ტოტალური კონტროლის სურვილსა და ტრაექტორიაზე”. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ცვლილებები სისტემურად შეუთავსებელია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.
“ზემოთ განხილული საკანონმდებლო ცვლილებების ყველაზე სავალალო შედეგი არა მისი ცალკეული ნაწილები, არამედ მისი სისტემური, კუმულაციური ეფექტია – ქვეყანაში იმგვარი საკანონმდებლო გარემოს შექმნა, სადაც ინდივიდის პოლიტიკური გამოხატვა და თავისუფლება პირობითი ხდება”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ