პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების მთავარი მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და დემოკრატიის უზრუნველყოფა არის.
გორდულაძემ განმარტა, თუ რატომ დააინიციირეს „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილები.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილები იმ საკანონმდებლო ცვლილებების გაგრძელება არის, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ჩვენი გუნდის ინიციატივით რამდენჯერმე განახორციელა და რომლის მთავარი მიზანიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცულობის მაღალი ხარისხის გარანტირებაა, ამავდროულად, დემოკრატიის უზრუნველყოფა. შესაბამისად, უცხოური გავლენის, უცხოური თანხების პოლიტიკურ აქტივობაში ჩარევის კონტროლი. ჩვენ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, გრანტის მიღების დროს, გრანტის გამცემი ვალდებულია, საქართველოს მთავრობისგან აიღოს ჯერ თანხმობა და შემდეგ ისე გასცეს გრანტი. კანონის დარღვევა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გრანტის ორმაგი ოდენობით. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ერთ-ერთი ევროკომისრისგან, მარტა კოსისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლისგან, ბატონი ჰერჩინსკისგან გავიგეთ, რომ თურმე გამოყოფილია დიდი ოდენობით თანხა და ამავდროულად, ბიუროკრატები ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, რათა საქართველოში შემოიტანონ თანხები. შემდეგ ხშირად ვხედავთ, რომ ეს თანხები ხმარდება, მაგალითად, სიძულვილის კამპანიას, ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის ხიდჩატეხილობის უზრუნველყოფას. მათ შორის, ეს თანხები გამოყენება პიროტექნიკის შესაძენად, „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებელი მასალების შესაძენად. გამოიყენება იმ ძალადობრივი აქციების დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ამას ყველა აკეთებს ღიად, დაუფარავად, პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა“,-განაცხადა გორდულაძემ.
მისი განმარტებით, ევროპული ფონდებისგან მიღებული გრანტებით დაფინანსებული პირები პირდაპირ ჩართულები არიან ისეთ კამპანიაში, „რომლითაც მაგალითად, საქართველოს პარლამენტის წევრს შეურაცხყოფას აყენებენ“.
„შეურაცხყოფის მიმყენებლებს ე.წ დიპლომატი, ბატონი ჰერჩინსკი გვერდში იხუტებს და ამბობს, რომ თურმე ამაყობს ასეთ ადამიანთან გვერდში დგომით. პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა, მათ შორის არც საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღების, ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემა და თურმე გვერდის ავლის გზებია მოსაძებნი. ვინც ცდილობს, რომ კანონს და საქართველოს კანონმდებლობას, მოსახლეობას პატივი არ სცეს და მათი ინტერესები დააზიანოს, შევპირდით, რომ ჩვენ ასეთ გზებს მაქსიმალურად შევზღუდავდით და ყველა კანონითვე იტყოდა, რომ ყველა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობას დაიცვას“,-განაცხადა გორდულაძემ.




