არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის წევრებს – თავი შეიკავეთ სიტყვა ოკუპაციის ხსენებისგან, როცა თქვენი ბელადი ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზის გაფართოებით არის წარმოდგენილი და ახლა გადაქცეულია უცხო ქვეყანაში რიგით სტიპენდიატად

თავი შეიკავეთ სიტყვა ოკუპაციის ხსენებისგან, როცა თქვენი ბელადი ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზის გაფართოებით არის წარმოდგენილი და ახლა გადაქცეულია უცხო ქვეყანაში ერთ ჩვეულებრივ, რიგით სტიპენდიატად, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რუსეთს ოკუპანტი რომ ჰქვია.
„არათუ რომელიმე მუხლი, ან რომელიმე პუნქტი, მთლიანად საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს ყველას, რომ საქართველოში სუვერენიტეტი იყოს გარანტირებული და უზრუნველყოფილი. მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, მე თქვენ ადგილზე საერთოდ სიტყვას არ ამოვიღებდი, მაშინ როცა თქვენი პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერი არის გიორგი გახარია, რომელმაც გააკეთა ის, რაც გააკეთა ჩორჩანაში. მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი აქვს დაკარგული, ოკუპაციის ფარგლებში. საერთოდ სიტყვას არ ამოვიღებდი ოკუპაციასთან დაკავშირებით. რომ არ ყოფილიყო „ქართული ოცნება“ და ეს გუნდი, რუსეთს ოკუპანტი არ ერქმეოდა. თავი შეიკავეთ სიტყვა ოკუპაციის ხსენებისგან, როდესაც თქვენ იმ გუნდს წარმოადგენთ, რომლის ბელადიც ჩორჩანაში, ყველასგან შეუთანხმებლად, ყველასგან პირდაპირ, სახელმწიფო უსაფრთხოების რისკის მიყენებით, საბოლოოდ შედეგით – მილიონ კვადრატულ მეტრი დაკარგული ტერიტორიებით, საოკუპაციო ხაზის გაფართოებით არის წარმოდგენილი და ახლა გადაქცეულია უცხო ქვეყანაში ერთ ჩვეულებრივ, რიგით სტიპენდიანტად და იქიდან გვმოძღვრავს – ხოლმე“,- განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ბევრი პრობლემა აქვს.
„იმდენი პრობლემა გაქვთ პარტიაში, რომ რა ვიცი. ბელადი გყავთ გაქცეული, საქართველოში აღარ ჩამოესვლება, იმიტომ, რომ ეშინია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომის. გადაგექცათ, ერთ ჩვეულებრივ, რიგით ცრუპენტელად, შეშინებულ კურდღლად, რომელიც ახლა ცდილობს, რომ როგორმე სტიპენდია მაინც აიღოს და თანხებსაც კი არ გირიცხავთ“,- განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში სუვერენიტეტის ხელყოფა ხდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, მათ შორის, მცოცავი ოკუპაცია, ანექსია, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. როგორც მან განმარტა, „ხელისუფლების მხრიდან არასდროს არცერთ განხორციელებულ ქმედებაზე არ გაჟღერებულა არაფერი“. მისივე თქმით, „ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო, „ქართული ოცნების“ რიტორიკა კი ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის იდენტურია“.

ასევე დაგაინტერესებთ