აშშ-ში გასაჯაროებული დოკუმენტით, ელცინი ნატოში რუსეთის შესვლას ემხრობოდა

ბორის ელცინს, რომელიც 1991-1999 წლებში რუსეთის პრეზიდენტი იყო, ნატოში რუსეთის გაწევრიანების მხარდამჭერი პოზიცია ჰქონდა. ეს ირკვევა აშშ-ის მთავრობის მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი დოკუმენტიდან, რომელიც 25 იანვარს გამოაქვეყნა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა National Security Archive.
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ეხება ვახშამს, რომელიც 1994 წლის იანვარში, რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ვიზიტისას გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში. ამ დოკუმენტის თანახმად, ნატოს მომავალ გაფართოებაზე საუბრისას ელცინმა კლინტონს უთხრა, რომ რუსეთი უნდა იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც ნატოში შევა და მას მიჰყვებიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.
გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, ელცინი საუბრობდა მსოფლიო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აშშ-ის, რუსეთისა და ევროპის ერთგვარი კარტელის შექმნაზეც. კლინტონის პასუხი ფრთხილი იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობდა ნდობით გამსჭვალული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და უნიკალურ შანსზე, რომ თუ რუსეთი კურსს არ შეიცვლის, შეძლებენ ევროპის ქვეყნებისთვის საუკუნოვანი მშვიდობის გარანტირებას.
გასაჯაროებული საარქივო დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კლინტონმა და ელცინმა 1994 წლის იანვარში გამართულ ამ შეხვედრაზე ილაპარაკეს, ეხებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსული სამშვიდობო ძალების ყოფნას. ელცინი ამბობდა, რომ ეს ძალები მოლდოვასა და საქართველოში კონსტრუქციულად მოქმედებდნენ და უარყოფდა რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია