შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვნით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს ბრალი წარედგინა.
1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვნით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ. იგივე ბრალდება წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა არასრულწლოვნით ვაჭრობის სქემა, რომლის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.
ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ.ა.-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ ბ.ბ.-სთვის” – აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.