საქართველოში სუროგაცია და დონაცია კვლავ ფასიან სამედიცინო მომსახურებად რჩება. გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, კომერციული სუროგაციისა და დონაციის აკრძალვას შეეხებოდა.
მთავრობის ინიციატივით, საქართველოში ბიოლოგიური მასალის დონაცია და სუროგაცია უსასყიდლო უნდა გამხდარიყო, თუმცა პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი არ განუხილავს. კანონით ასევე უნდა აკრძალულიყო დონაციითა და სუროგაციის მომსახურებით სარგებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. კანონი, მიღების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობა არ შეცვლილა, სუროგაციისა და დონაციის ცენტრები კვლავ განაგრძობენ აქტიურ მუშაობას. „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რა თანხებთანაა დაკავშირებული აღნიშნული სამედიცინო მომსახურებები და რა ანაზღაურების მიღება შეუძლია ბიოლოგიური მასალის დონორობისა თუ სუროგატი დედობის მსურველ მოქალაქეებს.
ბიოლოგიური მასალის დონაციის ფასები, სხვადასხვა კრიტერიუმებით არის განსაზღვრული. მათგან ძირითადი კრიტერიუმებია: ასაკი, სიმაღლე, ბიოლოგიური მასალის ხარისხი, ჯანმრთელობის ისტორია და სხვა.
ბიოლოგიური მასალის დონაციის საშუალო ფასი საქართველოში $1000-იდან $2500-მდე მერყეობს.
რაც შეეხება სუროგაციას, ამ შემთხვევაშიც, სუროგატი დედის ანაზღაურება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ჯამში, სუროგატი დედისთვის გადახდილი თანხა საშუალოდ $20 000-იდან $25 000-მდეა.
თანხის გარდა, სუროგაციის ცენტრების უმრავლესობა სუროგატ დედებს 9 თვის განმავლობაში ბინით უზრუნველყოფას და ფსიქოლოგის უფასო მომსახურებასაც სთავაზობენ.