საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა ზაზა მარჯანიშვილის საიუბილეო გალაკონცერტი – „ორშაბათის ღამის სიზმარი“, რომელიც მიეძღვნა კომპოზიტორის იუბილეს.
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მსახიობები: ავთო მახარაძე, მურმან ჯინორია, ნანა შონია, ზუკა პაპუაშვილი, მოცეკვავე ნინო მახათაძე და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე; ასევე: ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი კახი სოლომნიშვილი), სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი; მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები: პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ირაკლი მენთეშაშვილი, ჯორჯ მელი, ვანიანო, დათა და გიორგი ლოლაშვილები, დავით ჯაფარიძე, გიორგი ფხალაძე და სხვები. ღონისძიების მხატვარია ვერა ყიფიანი, პროდიუსერები – ნატო ბოჭორიშვილი, თამარ გვასალია, ღონისძიების დამდგმელი რეჟისორი და გენერალური პროდიუსერი – მარინა სალუქვაძე.
წარმოდგენა იყო სიტყვის, მუსიკის, კინემატოგრაფის, ვიდეოარტისა და ქორეოგრაფიის სინთეზი.
ზაზა მარჯანიშვილი საქართველოსა და აშშ-ში მოღვაწე კომპოზიტორი და პროდიუსერია. მისი მუსიკა სრულდება საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში. 1997 წლიდან არის ამერიკის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 30-ზე მეტი მხატვრული ფილმის, სერიალების, ტრეილერების, შემეცნებით-დოკუმენტური ფილმების, სპექტაკლების, ბალეტისა და ორი ოპერის ავტორი, რომლებიც დღესაც იდგმება ევროპასა და აშშ-ში. როგორც პროდიუსერს, შექმნილი აქვს 150-ზე მეტი ალბომი განსხვავებული მუსიკალური სტილისტიკით (კლასიკა, ჯაზი, სამბა, ტანგო, რეგე, როკი, ალტერნატიული როკი, ირლანდიური, ამერიკული, ავღანური, ჩინური ფოლკლორი, მედიტაციური მუსიკა და სხვა).
1986 წლიდან დღემდე არის ნიუ ორლეანის, ლას ვეგასის, სან ფრანცისკოს, ნიუ იორკის, ლოს ანჯელესის, ვენის მუსიკალური ფესტივალების საპატიო სტუმარი.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და კომპანია ZMG ART -ის ორგანიზებით.