“წონაში მოიმატა ცოტა, ნევროლოგიური სტატუსი იგივე რჩება” – ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმებმა სააკაშვილი მოინახულეს

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები კლინიკა “ვივამედში” ს სანახავად იმყოფებოდნენ – რამდენიმესაათიანი შემოწმების შემდეგ ექიმებმა თქვეს რომ პაციენტს მცირედი პროგრესი აღენიშნება, თუმცა მისი ნევროლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამ დრომდე აქვს სისუსტე, ტკივილები სახსრებში და დეპრესიული განწყობა.
” მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, ნევროლოგიური იგივე რჩება. ეს ნიშნავს, რომ წონაში მოიმატა ცოტა, 77 კილოა უკვე. ეს მნიშნელოვანია, რომ მის სასიცოცხლო ფუნქციებს საფრთხე არ ემუქრება. რაშიც დიდი როლი ითამაშეს, რა თქმა უნდა, კლინიკა “ვივა მედის” თანამშრომლებმა, მის ასე დასტაბილურებაში, მაგრამ რაც შეეხება ნევროლოგიურ სტატუსს, დაახლოებით იგივე რჩება, როგორიც იყო. როგორც ჩანს, დაზიანება, რომელიც თავიდანვე იყო საკმაოდ მძლავრი და ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან სწრაფად არ უმჯობესდება ხოლმე, მას კვლავ აღენიშნება შფოთვაც, ფორიაქიც, დეპრესიული განწყობაც და ეს მდგომარეობა გრძელდება. არასტაბილურად მიგვაჩნია ისევ და ისევ პაციენტი – მისი მკურნალობა მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, რეზისტენტულია ამ მკურნალობის მიმართ…” – თქვა თენგიზ წულაძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მთავარის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, იძლევა თუ არა პაციენტის მდგომარეობა მისი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საშუალებას, ნევროლოგი ამბობს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კონსილიუმის წევრების მანდატში არ შედის. წულაძის თქმით, სააკაშვილის შემთხვევაში თითქმის ყველა ის დიაგნოზი, რაც წინა თვეებში ჰქონდა, კვლავ რჩება.
“კლინიკიდან გაწერის საკითხს წყვეტს მკურნალი ექიმი ან ის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც კურირებს პაციენტს. მკურნალი ექიმი თუ გადაწყვეტს, უნდა გაეწეროს, თუ არ გადაწყვეტს, არა. ჩვენ მკურნალ ექიმთან ვისაუბრეთ და მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება. მე მიმაჩნია რომ ის ფსიქოლოგიურად არასტაბილურია და გაწერიდან რამდენიმე დღეში თუ არა, რამდენიმე კვირაში მაინც უკან დაბრუნდება [კლინიკაში]. ამ ეტაპზე მე მას არ შევუცვლიდი ადგილს, მე რომ ვიყო მისი მკურნალი ექიმი” – ამბობს თენგიზ წულაძე.
სააკაშვილის მძიმე ფსიქონერვულ მდგომარეობაზე საუბრობს მედიასთან კონსილიუმის კიდევ ერთი წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია. მისი თქმით, ანორექსიისა და კახექსიის მხრივ მდგომარეობა მართვადია, თუმცა პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით მდგომარეობა თითქმის უცვლელია.
„ანორექსიისა და კახექსიის მოვლენებს, მედიცინის თვალსაზრისით, ნელ-ნელა ძლევენ აქაური ექიმები. სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის იმავე დონეზე რჩება, აქვს შფოთვები, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლია. სამედიცინო მომსახურებას თუ არ ჩავთვლით, ეს გარემო არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც პენიტენციურ დაწესებულებაშია. სწორედ ეს არის აღნიშნული საერთაშორისო დასკვნაში, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა, რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება, მეორეჯერ გამოიწვიოს სომატური დარღვევები, არ აღდგება“ – თქვა გიორგი გრიგოლიამ სააკაშვილის მონახლების შემდეგ. დასკვნა, რომელსაც ის ახსენებს, წამების პრევენციის კომიტეტს ეკუთვნის და 2024 წლის 18 იანვარს გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ გარემო, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, რეპრესიულია და არ უწყობს ხელს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” 2022 წლის 12 მაისიდან მკურნალობს. სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც წინა ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას ინიციატივით შეიქმნა 2021 წლის 21 ნოემბერს – ამ დროს სააკაშვილს შიმშილობის 47 დღე ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს