სანამ „ოცნება“ სურსათის მაღალ ფასებზე სწუხს და სუს-ი ფასების ზრდის მიზეზებს სწავლობს, საქართველოში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა გაძვირდა.
სახელმწიფო სერვისები ბოლო რამდენიმე წელია ძვირდება.
მაგალითად, თუ 2022 წელს, პირადობის მოწმობა, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის აუცილებელი დოკუმენტია, 30 ლარი ღირდა, დღეს, 2026 წელს მისი ფასი 60 ლარია.
გაძვირდა ბიომეტრიული პასპორტიც.
გაძვირდა ქონების რეგისტრაცია.
გაძვირდა ქონების იპოთეკით დატვირთვა.
გაძვირდა ბიზნესის რეგისტრაცია.
გაძვირდა ავტომობილის რეგისტრაცია.
გთავაზობთ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის ღირებულებას, რომელიც ბოლო წლებში ან გაორმაგდა, ან 20-30 %-ით გაძვირდა.
პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისების საფასური გაორმაგდა.
პირადობის მოწმობის აღება მიმართვიდან 10 დღის ვადაში 30 ლარი ღირდა. 2025 წელს ფასი გაორმაგდა და ახლა 60 ლარი ღირს.
იმ შემთხვევაში, თუკი დაჩქარებულად გსურთ პირადობის მოწმობის მიღება, ფასები ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი; იმავე დღეს – 150 ლარი.
100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის.
ეს იმ შემთხვევაში, თუკი მე-10 სამუშაო დღეს აიღებთ. დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში მომსახურების საფასური ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს – 225 ლარი, 24 საათში- 300 ლარი, ხოლო იმავე დღეს 350 ლარი.
გაძვირდა ქორწინების მოწმობაც.
ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში არის უფასო, ხოლო სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური გაიზარდა.
ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით 50 ლარიდან 75 ლარამდე გაიზარდა.
ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით სამუშაო დღეებში 135 ლარი ღირს, ხოლო იგივე სერვისი შაბათ-კვირას 225 ლარი. შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 255 ლარი ღირს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება კი 255 ლარი.
გაიზარდა განქორწინების საფასურიც.
განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური ღირდა 45 ლარი, ახლა ღირს 60 ლარი.
ქონების იპოთეკით დატვირთვა გაძვირდა.
2022 წელს იპოთეკის მოწმობის გაცემა, მასში ცვლილება, ან ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათისა შენიშვნის რეგისტრაცია 3 სამუშაო დღეში 75 ლარი ღირდა.
2026 წლის მონაცემებით, 4 სამუშაო დღეში იპოთეკის რეგისტრაცია 150 ლარი ღირს, 1 სამუშაო დღეში – 270 ლარი, ხოლო იმავე დღეს – 350 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება, დამატებით გადასახდელია ხელმოწერის დამოწმების საფასური – 7 ლარი.

ქონების და მიწის რეგისტრაციის საფასური – სქრინი საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან 3 თებერვალი, 2026
თითქმის გაორმაგდა და გასამმაგდა ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია.
ქონების რეგისტრაცია – ღირდა 55 ლარი, გახდა – 150 ლარი.
ბიზნესის რეგისტრაცია 110 ლარის ნაცვლად ახლა 200 ლარი ღირს – ვადა 1 სამუშაო დღე. თუ განცხადების შეტანის დღესვე გსურთ რეგისტრაცია, ღირებულება 400 ლარია.
სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი, ხოლო ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება დამატებით 26 ლარი ღირს.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია 2021 წელს 2 სამუშაო დღის ვადაში 30 ლარი ღირდა.
იგივე მომსახურება დღეს 2 სამუშაო დღის ვადაში 39 ლარი ღირს.
გაძვირდა მართვის მოწმობაც.
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია 2022 წელს 100 ლარი ღირდა, 2026 წელს ეს მომსახურება 200 ლარი ღირს.
მართვის მოწმობის აღება კი მოქალაქეს დაახლოებით 155 ლარი უჯდება.
თეორიული გამოცდის ჩაბარების საფასური 40 ლარია, ამაში შედის მოედანზე გეგმიური გასვლაც, ხოლო მართვის მოწმობის მისაღებად ქალაქის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა 90 ლარი ღირს. ამას ემატება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV 100/ა) საფასური, რომელიც დაახლოებით 20 ლარის ფარგლებშია.
2023 წლამდე მართვის მოწმობის აღება 55 ლარამდე ღირდა. 2023 წლის სექტემბერში მართვის მოწმობის მიღება ორ ეტაპიანი გახდა, სწორედ ამ დროს დაემატა 90 ლარი, რაც ქალაქის გამოცდის საფასურია.




