სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
განათლების მინისტრმა უმაღლეს განათლებაში დაგეგმილი ძირეული ცვლილებები (მათ შორის, თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანება) შრომის ბაზრის მოთხოვნებით ახსნა. თქვა, რომ ჩატარდა შრომის ბაზრის მასშტაბური კვლევა და კვლევის შედეგებმა განსაზღვრა რეფორმის მიმართულებები.
ეს არის მორიგი დემაგოგია, მეგობრებო!
ჯერ-ერთი, არავის უნახავს ამ ყბადაღებული შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში. არ ვიცით, ვინ ჩაატარა ეს კვლევა, რა მეთოდოლოგიით, რა შედეგები მიიღეს.
მეორეც: არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, რომ შრომის ბაზარი განსაზღვრავდეს იმას, რომელი სასწავლო პროგრამა დაიხუროს ან გაიხსნას, ზუსტად რამდენი სტუდენტი იქნეს მიღებული ამა თუ იმ სასწავლო პროგრამაზე (ე.წ. კვოტები) და ა.შ. შრომის ბაზრის კვლევამ შეიძლება განსაზღვროს მხოლოდ ზოგადი ორიენტირები და ამ საფუძველზე გაიცეს გარკვეული რეკომენდაციები.
და მთავარი: საქართველოში დღეს არსებული შრომის ბაზარი არის უაღრესად ღარიბი და ჩამორჩენილი. გადაამოწმეთ ვაკანსიები და მათი დინამიკის მიხედვით თუ დავგეგმავთ საუნივერსიტეტო სწავლებას, ხელში შეგვრჩება ძირითადად IT ტექნოლოგიები და, ზოგადად, მომსახურებასთან დაკავშირებული სპეციალობები.
როდესაც ქვეყანაში არ/აღარ ხორციელდება მრავალფეროვანი პროექტები, მაშინ სპეციალისტებზე მოთხოვნაც დრამატულად მცირდება. თუ საქართველოში არ იარსებებს საერთაშორისო პროექტები, ეროვნული წარმოება, არასამთავრობო სექტორი, Think Tank-ები, მაშინ მოითხოვნა როგორ იქნება სოციალურ მეცნიერებებზე, ჰუმანიტარულ სპეციალობებზე, ფუნდამენტურ პროფესიებზე და ა.შ.?
ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა გახდეს ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობის და გაღარიბებული შრომის ბაზრის მძევალი.
და ეს ამ ქვეყნის დეგრადაციის საფუძველია!




