საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ენერგოაუდიტის ჩატარების წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი კატეგორიის საწარმოთა ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულებების ამოქმედების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო ბიზნეს სექტორის დეტალური ინფორმირება იმ სამართლებრივი და პრაქტიკული მოთხოვნების თაობაზე, რომლებსაც „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები ითვალისწინებს.
საუბარი შეეხო „ენერგოაუდიტის ჩატარების წესს“ და მისი ამოქმედების შედეგად პირველი კატეგორიის საწარმოებისთვის წარმოქმნილ ვალდებულებებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2025 წლის 31 დეკემბრიდან შევიდა ძალაში. ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგოაუდიტის მნიშვნელობაზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების, ხარჯების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ სავალდებულო ენერგოაუდიტს დაქვემდებარებული საწარმოების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა 1 თებერვლიდან მიმდინარე წლის 1 მარტამდე გადაიწია. აღნიშნული ცვლილება კომპანიებს დამატებით დროს აძლევს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად და სამინისტროსთვის დროულად გადასაცემად.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში, რომლის ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ენერგოაუდიტის ჩატარების წესთან დაკავშირებულ პრაქტიკულ და სამართლებრივ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ახალი რეგულაციების ეფექტიან და დროულ დანერგვას.
„ენერგოაუდიტი წარმოადგენს არა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას, არამედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ბიზნესისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და ხარჯების შემცირების მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, რეგულაციების ამოქმედება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ბიზნესზე ორიენტირებული, რაც ორმხრივად მნიშვნელოვანი პროცესია“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.