ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალი ჩართო საქართველოში „გრანტების“ და თანმდევი კანონმდებლობის დაანონსებული გამკაცრების გამო.
„მთლიანობაში, შემოთავაზებულ ცვლილებებს, მათი მიღების შემთხვევაში, მძიმე შემაკავებელი ეფექტი ექნება დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, მედიაორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც ფაქტობრივად ახდენს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის იმ ჩვეული ფორმების კრიმინალიზებას, რომლებიც აუცილებელია პლურალისტური მედიაგარემოს ფუნქციონირებისთვის. კანონის მიღების მოსალოდნელი სისწრაფე დამატებით შეშფოთებას იწვევს სამართლებრივ განსაზღვრულობასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში საქართველოს ვალდებულებებთან შესაბამისობის კუთხით“, — ვკითხულობთ ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის ვებ-გვერდზე.
ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა „ქართული ოცნებისგან“ ითხოვს, შეჩერდეს დაანონსებული ცვლილებების საკანონმდებლო პროცესი, სანამ არ გაივლის შინაარსიან კონსულტაციებს მედიაორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ ექსპერტებთან.
ასევე ელის, რომ საქართველოს მთავრობა მოითხოვს ვენეციის კომისიის სასწრაფო დასკვნას შემოთავაზებული ზომების შესაბამისობის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
პლატფორმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ უცხოური დაფინანსების ნებისმიერი სამომავლო რეგულაცია იყოს ვიწროდ მიზნობრივი, პროპორციული და არ შეაფერხოს ჟურნალისტების, დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კანონიერ საქმიანობა; შეცვალოს ან გააუქმოს არსებული კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური აგენტების“ კანონი, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და შემზღუდველი ცვლილებები „გრანტებისა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში, რომლებიც დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენება.
პლატფორმაზე ამ დროისთვის მითითებული ინფორმაციით, 2025 წელს პლატფორმაზე გამოცემულია „ოთხი საგანგაშო სიგნალი“ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.
ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არის ევროპის საბჭოსა და პრესის თავისუფლების ცნობილი ორგანიზაციების ქსელის ერთობლივი პროექტი. ეს არის ჟურნალისტების წინააღმდეგ მუქარის რეალურ დროში მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი. პლატფორმა მუშაობს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებზე სიგნალების შეგროვებითა და შემოწმებით. ეს შეტყობინებები, რომლებიც წარმოდგენილია პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, გამოქვეყნებულია ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული ხელისუფლების მხრიდან სწრაფი მოქმედების მიზნით. სიგნალების გასაჯაროებით პლატფორმა ცდილობს უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და წაახალისოს წევრი სახელმწიფოები, შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
2026 წელს პლატფორმაზე გააქტიურებულია 9 განგაშის სიგნალი. საქართველოს შემთხვევაში მოქმედებს განგაშის სიგნალის პირველი დონე, რაც ფარავს მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და საზიანო დარღვევებს.




