ერთი წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც დევნილთა საცხოვრებელი პოლიტიკის პრობლემები საინფორმაციო დღის წესრიგში კიდევ ერთხელ წამოსწია. აფხაზეთიდან დევნილი ზამირ კვეკვესკირის ტრაგიკულად დაღუპვა, რაც აფხაზეთიდან დევნილების საცხოვრისის სისტემურ პრობლემას ასახავდა, დღემდე აქტუალურია.
2025 წლის 27 იანვარს, ოჩამჩირიდან დევნილმა, 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა, თბილისში, დევნილთა სააგენტოს შენობის წინ, პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. ზამირ კვეკვესკირი სხეულის 65%-იანი დამწვრობით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. მან მხოლოდ ხუთი დღე იცოცხლა და პირველ თებერვალს გარდაიცვალა.
ზამირ კვეკვესკირის ოჯახის წევრები მაშინ მედიასთან საუბრობდნენ წლების განმავლობაში დაგროვილ სირთულეებზე, ჯანმრთელობის პრობლემებსა და საცხოვრებლის ხანგრძლივ მოლოდინზე. ოჯახი აცხადებდა, რომ მიუხედავად ბინაზე მრავალწლიანი მიმართვებისა, კონკრეტული ვადები და გადაწყვეტილებები მათთვის გაურკვეველი რჩებოდა. დღეს ოჯახის წევრებს აღარ სურთ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი.
მისი გარდაცვალებიდან ცხრა თვის შემდეგ ოჯახმა საცხოვრებელი ფართი თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიიღო.
ამავე ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, როგორც დევნილთა სააგენტო აცხადებს, თბილისში ჯამში 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 2 426 ოჯახი მიიღებს. ოფიციალური ცნობითვე, პროექტის ბიუჯეტი 243.6 მილიონ ლარს აღემატება, გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი დამატებით 11.8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მიუხედავად მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებლის პრობლემა კვლავ მასშტაბურია. დღეის მდგომარეობით, დევნილთა ბაზაში რეგისტრირებულია 243 411 ადამიანი, რაც 88 704 ოჯახს შეადგენს. ამ ოჯახების მხოლოდ დაახლოებით ნახევარია უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით, რაც ნიშნავს, რომ ათიათასობით დევნილი ოჯახი კვლავ ბინის მოლოდინში ცხოვრობს.
დევნილთა სააგენტოს მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 39 000 დევნილმა ოჯახმა მიიღო.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ხშირად აპელირებს იმაზე, რომ 2012 წლამდე საცხოვრისით უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ 19 000 დევნილი.
ხელისუფლება 2023 წელს აცხადებდა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებლით იქნებოდა უზრუნველყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობების მასშტაბი გაიზარდა და რეგიონებში ახალი ბინები ეტაპობრივად გადაეცემა დევნილ ოჯახებს, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ეს ვადა ისევ გაურკვეველია.
ამასთან, დევნილთა ნაწილი წლებია საუბრობს განცდაზე, რომ განსახლების პროცესი არ არის საკმარისად გამჭვირვალე და სამართლიანი. ქულებით შეფასების სისტემამ, რომელიც პრიორიტეტების განსაზღვრას ისახავს მიზნად, ბევრ ოჯახში იმედგაცრუება და უნდობლობა გააჩინა.




