გერმანიაში ხუთი პირი დააკავეს რუსეთში საქონლის უკანონო ექპორტის საქმეზე

ორშაბათს, 2 თებერვალს, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კარლსრუეში თავის ვებსაიტზე გამოაცხადა ხუთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, რომლებიც სანქციების დარღვევით ეწეოდნენ რუსეთში საქონლის ექსპორტს.
პროკურატურის განცხადებაში, რომელიც რადიო „თავისუფლებამ“ მოიპოვა, ნათქვამია, რომ ყველა დაკავებული გერმანიის მოქალაქეა, რომელთაგან ორს ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა, ხოლო ერთს – უკრაინისა.
დაკავებები მოხდა ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ლიუბეკში. საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა გერმანიის რამდენიმე ქალაქში. როგორც იტყობინებიან, საქმესთან დაკავშირებულია კიდევ ხუთი პირი, რომლებიც ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, გერმანიისა და რუსეთის მოქალაქე ნიკიტა ს., როგორც იტყობინებიან, მენეჯერი და ერთადერთი მფლობელია ლიუბეკში მდებარე კომპანიისა, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოიყენებოდა რუსეთის მრეწველობისთვის საქონლის ფარულად შესაძენად და ევროკავშირის სანქციების დარღვევით რუსეთში ექსპორტისთვის.
ასევე, სავარაუდოდ, მას მაღალი თანამდებობა ეკავა რუსულ კომპანიაში, რომელიც სანქციების დარღვევის სქემაში იყო ჩართული. საერთო ჯამში გამომძიებლებმა დააფიქსირეს ამ სქემით რუსეთში სანქცირებული საქონლის დაახლოებით 16 000 გადაზიდვა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა. საქონლის მიმღებები, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები იყვნენ, მათ შორის სანქცირებული თავდაცვის მრეწველობიდან კომპანიები.
მოსალოდნელია, რომ 3 თებერვალს სასამართლო ოთხ დაკავებულს წინასწარ პატიმრობაში გაგზავნის. სასამართლო ასევე გადაწყვეტს მეხუთე პირის ბედს, რომელიც დროებითი ორდერით არის დაკავებული დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.
პროკურატურის განცხადებაში არ არის მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რუსეთში გადაზიდულ რა საქონელზეა ლაპარაკი და რომელ ქვეყნებში იყო რეგისტრირებული შუამავალი ფირმები.