დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი (კგბ) ავრცელებს ვრცელ განცხადებას, რომელშიც ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ისევ საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და „სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობაში“ ადანაშაულებს.
ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, „ჯაშუშობის“ ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 31 დეკემბერს ის ქართულ მხარეს გადასცეს.
ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც “შპიონაჟს” გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმე გამოძიების ეტაპზეა და მიმდინარეობს „მტკიცებულებების შეგროვება“.
დე ფაქტო კგბ-ის მტკიცებით, საქმის საწყის ეტაპზე თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რომელიც, მათი შეფასებით, საფრთხეს უქმნიდა როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, ისე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. განცხადებაში საუბარია პოლიტიკოსებზე, სამართალდამცავებზე, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე, მათ დისლოკაციასა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე.
დე ფაქტო კგბ-ის განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასავლურ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. უწყების მტკიცებით, თამარ მეარაყიშვილი ინფორმაციის წყაროდ თანამშრომლობდა:
„ამერიკის ხმასთან“, „ეხო კავკაზასთან“ (რადიო თავისუფლების პროექტი), „კავკაზსკი უზელთან“, არასამთავრობო ორგანიზაცია „კამარასთან“, „სტუდენტებისა და ახალგაზრდობის ახალგაზრდულ ცენტრთან“, საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-თან. ასევე, მისი ტელეფონის კონტაქტებში ცხინვალმა სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძისა და სხვა ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსების საკონტაქტო ნომრები “აღმოაჩინა”.
ცხინვალის კგბ ამ ორგანიზაციებსა და მედიას „დასავლური სტრუქტურების მიერ დაფინანსებულ სუბიექტებად“ მოიხსენიებს და მათ საქმიანობას რუსეთისა და მის „მოკავშირე სახელმწიფოების“ წინააღმდეგ მიმართულად აფასებს – რიტორიკა, რომელიც სრულად ემთხვევა რუსეთის ოფიციალურ პროპაგანდისტულ ხაზს.
განცხადებაში ასევე ნახსენებია თამარ მეარაყიშვილის თანამშრომლობა თბილისში მოქმედ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფისთან და მის მიერ მომზადებული ანგარიში გალისა და ახალგორის რეგიონებში არსებულ სამართლებრივ და სოციალურ გამოწვევებზე. დე ფაქტო კგბ ამ დოკუმენტს „საქართველოს ინტერესების ლობირებად“ აფასებს და მას 2008 წლის შემდეგ „დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირებს.
ცხინვალის განცხადებით, მეარაყიშვილი საზღვარგარეთ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობდა, სადაც, მათი მტკიცებით, თავს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად ასაღებდა და ავრცელებდა „დამახინჯებულ ინფორმაციას რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე“.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მეარაყიშვილის საქმიანობის „მეორე ეტაპი“ უკავშირდებოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოსა და სამართალდამცავ სისტემაში კონტაქტების დამყარებას. უწყება ამტკიცებს, რომ იგი აქტიურად თანამშრომლობდა ოპოზიციურ პარტიებთან და მოძრაობებთან „პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზნით“.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გამოავლენს ყველა პირს, ვინც, მათი მტკიცებით, მასთან თანამშრომლობდა როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ითანამშრომლონ კგბ-სთან და გამოიყენონ „ნდობის ცხელი ხაზი“.
მეარაყიშვილი წარსულშიც იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა გასვლა ოკუპირებული ტერიტორიიდან.




