ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ოფლაერტი შეშფოთებას გამოთქვამს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
„შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში შემოთავაზებული ცვლილებებით, რომლებიც მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვან შეზღუდვებს დაუწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ეს წინადადებები შეუსაბამოა საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან — უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლების უფლება. მე ვთხოვ პარლამენტს, უარყოს ეს ცვლილებები, ხოლო ხელისუფლებას — დაადასტუროს თავისი ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ“, — აცხადებს მაიკლ ოფლაერტი.
ის ხაზს უსვამს კანონპროექტთა პაკეტის ბუნდოვან განმარტებებს. ადამიანის უფლებაა კომისრის შეფასებით, ზედმეტად ფართოა „გრანტის“ სამართლებრივი განმარტება, რაც მოიცავს ნებისმიერ ფულად ან ნატურალურ გადარიცხვას ერთი პირისგან მეორისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი საქმიანობისთვის, რომლის მიზანი ან განზრახვაა ნებისმიერი სახის გავლენის მოხდენა მთავრობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე. ეს კი, „ქმნის რისკს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩვეულებრივი და ლეგიტიმური საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან დაუმსახურებელი კონტროლის ქვეშ მოექცეს“.
„ეს ცვლილებები აძლიერებს 2024 წლიდან მიღებულ შეზღუდვების მომცველ კანონებსა და რეგულაციებს, რომლებმაც სერიოზული ზიანი მიაყენეს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. როგორც ახლახან აღვნიშნე, ეს კანონები აჩენს სერიოზულ კითხვებს მათი კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის თაობაზე, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებში“, — აცხადებს ოფლაერტი.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს, უზრუნველყონ გაერთიანების თავისუფლების უფლება და დაასრულონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მიმართ მიმართული შევიწროებისა და დაშინების ყველა ფორმა.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა: „გრანტების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს.
განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – დაჯარიმებას უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.




