დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატი გააძევა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ თვეში, რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ბრიტანელი დიპლომატის მოსკოვიდან გაძევებაზე საპასუხო ნაბიჯს წარმოადგენს.
„რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლო იყო, ხოლო გაძევება გაუმართლებელი. რუსეთის ელჩის დაბარებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა ნათლად განაცხადა, რომ ბრიტანეთი მისი საელჩოს თანამშრომლების დაშინებას არ შეეგუება, ამიტომ საპასუხო ზომას ვიღებთ და რუსი დიპლომატის აკრედიტაციას ვაუქმებთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, გასულ თვეში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი გარეტ სამუელ დევისი გამოავლინეს, რომელიც მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების მეორე მდივნის სტატუსით ფარულად მუშაობდა“.




