მთავრობას საწვავის შესყიდვა თებერვალში 25 თეთრამდე გაუიაფდა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგებიდან ხდება ცნობილი.
როგორც იანვარში გაფორმებული ხელშეკრულებიდან ჩანს, მთავრობას თებერვალში (იანვართან შედარებით) 1 ლიტრი სუპერის და პრემიუმის ტიპის საწვავი 17 თეთრით ნაკლები დაუჯდება, რეგულარი – 16 თეთრით, ხოლო დიზელი – 25 თეთრით.
უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს თებერვალში 2.47 ლარად შეიძენს (იანვარში 2.64 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, თებერვალში, 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 2.18 ლარი იქნება (იანვარში – 2.35 ლარი იყო), აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.
ამავე მონაცემების მიხედვით, ევრო რეგულარის ტიპის საწვავს, მთავრობა თებერვალში 2.17 ლარად შეიძენს (იანვარში 2.33 ლარი იყო) გამარჯვებულ კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ წარმოადგენს.
რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2.37 ლარია, (იანვარში 2.62 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
ცნობისთვის, საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება. 2025 წლის დეკემბერში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონა 709.28 აშშ დოლარი, ხოლო დიზელის – 740.69 აშშ დოლარი იყო; 2026 წლის იანვარში ბენზინი 642.73 აშშ დოლარი, ხოლო დიზელი 650.06 აშშ დოლარი ღირდა.




