ბორის პისტორიუსმა ნატო-ში არსებული ვითარება „20-წლიანი ქორწინების შემდეგ კრიზისს“ შეადარა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნატო-ში არსებული ვითარება 20-წლიანი ქორწინების შემდეგ არსებულ კრიზისს შეადარა.
კითხვაზე, – „კვლავ არსებობს თუ არა რწმენა, რომ ნატო-ს ერთ-ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატები ალიანსს დახმარებას გაუწევს, როგორც ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული?“ – პისტორიუსმა უპასუხა, რომ „ისინი, ვინც ამდენი წელია, დაქორწინებული არიან, ნდობისა და გაუცხოების კრიზისის წინაშე დგანან“.
მისივე თქმით, ამ დროს არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი – გაქცევა ან ურთიერთობისთვის ბრძოლა.
„ნება მომეცით, უჩვეულო შედარება გავაკეთო. 20-წლიან ქორწინებაში მყოფი ადამიანები, შესაძლოა, გარკვეულ მომენტში განიცდიდნენ კრიზისს, ნდობის კრიზისს, გაუცხოების კრიზისს. ან, შესაძლებელია, შეიცვალოს მათი ცხოვრებისეული შეხედულებების პრიორიტეტები. შემდეგ, მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიქმნება ორი ადამიანური, ინსტიქტური იმპულსი: გაქცევა ან ბრძოლა“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა RND-სთან ინტერვიუში.
ამასთან, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ნატო-ს ერთიანობას მაინც ხედავს და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ალიანსის დატოვებას არ აპირებს.
მისივე თქმით, ამ დისკუსიებიდან სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი .
„სხვათა შორის, ერთადერთი, ვინც ამ დისკუსიიდან სარგებელს იღებს, პუტინია“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
1tv.ge