„ჩემი ფულით თქვენი ბიზნესის კეთება უნდა დამთავრდეს“ – გიორგი ხანიშვილი სუპერმარკეტებისა და ფერმერების ურთიერთობაზე

სუპერმარკეტების მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ე.წ. ფულის გადახდის საკითხია, – ამბობს „აგრო 1959-ის“მმართველი პარტნიორი გიორგი ხანიშვილი.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, ძალიან კარგია, რომ მთავრობამ ეს საკითხი წამოსწია, რადგან პრობლემები არსებობს და ამ პრობლემების მოგვარება აუცილებელია.
„საცალო ქსელი ამბობს, შენ შემოიტან პროდუქტს ჩემთან, თუნდაც მალფუჭებადს, მაგალითად, რძემჟავა პროდუქტს, რომელიც ერთ კვირაში, სამ დღეში იყიდება, მე კი ფულს სამი თვის შემდეგ გადაგიხდი. გამოდის, რომ საცალო ქსელის განვითარება ფინანსდება არა თავად საცალო ქსელის მიერ აღებული კრედიტებით, რისკებით და ასე შემდეგ, არამედ ფერმერთა გარკვეული ფულით, რაც შეუძლებელია, რადგან ფერმერს ისედაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რთულად აქვს, ისედაც მცირეა მისი ფინანსური რესურსი და გადახდის ასე გაწელვა დროში უბრალოდ, შეუძლებელია. ძალიან კარგია, რომ მთავრობამ ეს საკითხი წამოწია, რადგან პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრა აუცილებელია – ჩემი ფულით თქვენი ბიზნესის კეთება უნდა დამთავრდეს, ყველამ უნდა აიღოს თავისი რისკი. მე რომ მოგიტანე პროდუქცია, რომელიც გაყიდე, არ შეიძლება იმის ფული თვეები აგროვო.
იყო ასეთი ქსელი „პოპული“, რომელიც გაკოტრდა და უამრავი მიმწოდებელი ჩაითრია. ქსელი ბაზრიდან უბრალოდ გაქრა, მიმწოდებელს კი თანხები არავინ აუნაზღაურა. შედეგად, მწარმოებლები გაკოტრდნენ, ფერმერები გაკოტრდნენ. ეს პროცესები აუცილებლად დასარეგულირებელია თამაშის სწორი წესებია შემოსაღები. ადგილობრივი ფერმერის ინტერესები კი ყველაზე სუსტად არის დაცული“, – აცხადებს გიორგი ხანიშვილი.