“სტრადა მოტორსის” გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელია ახალი ავტომობილების პოპულარიზაცია და დამატებითი რეგულაციები, განსაკუთრებით ემისიების კუთხით, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, დღეს საქართველოში ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საკმაოდ დიდი თავისუფლება აქვთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ოფიციალური დილერები არ არიან.
“საქართველოში არაორგანიზებული ბაზარი უფრო კარგად მუშაობს. კარგი იქნებოდა, თუ გარკვეული სახის ფილტრი დაედებოდა ასეთი ტიპის იმპორტს. დამატებითი რეგულაციები პირველ რიგში საჭიროა ემისიების კუთხით. ზოგადად, ყველასთვის სასურველია, რომ მომხმარებელმა ახალი ავტომობილი იყიდოს, ვიდრე მეორადი.
ჩვენ თუ ბაზარს მთლიანობაში განვიხილავთ, მაშინ უნდა განვიხილოთ როგორც მეორადი ავტომობილები, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი მეორადი ავტომობილი შემოდის. ამ მიმართულებით თუ იქნება ხელშეწყობა და მომხმარებლების ინტერესი ახალი ავტომობილებზე გადავა, ბუნებრივია, ამით ეკოლოგიური საკითხიც გაუმჯობესდება”, – აცხადებს ლევან ასანიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში ჩინური ბრენდების შემოსვლამ ევროპული ავტომობილების რეალიზაცია შეამცირა.
ცნობისთვის, “სტრადა მოტორსი” საქართველოში მოქმედი ავტოდილერული კომპანია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. იგი ოფიციალური დილერია რამდენიმე მსოფლიოს ცნობილი ავტომობილის ბრენდის, მათ შორის FIAT, Jeep, Alfa Romeo, Dodge, RAM და Chevrolet.
bp.ge




