დედაქალაქს აქვს კოლოსალური ბიუჯეტი, რომელიც თბილისელების საჭიროებებს არ ასახავს – დავით ფანჯიკიძე

თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ახალი ბიუჯეტი, რომელიც 2.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, კოლოსალურია, თუმცა თბილისელების საჭიროებებს ეს ბიუჯეტი არ ასახავს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას დავით ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ქალაქის განვითარება გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-განვითარებას და იმის ფონზე, როცა ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს სატრანსპორტო ნაკადის მზარდ მოცულობას, არ შენდება ესტაკადები, გზაგამტარები, პარკინგის ადგილებს მუნიციპალიტეტი გამიზნულად ამცირებს.
„ბიუჯეტის მეოთხედი განკუთვნილი იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სუბსიდირებაზე, რაც კოლოსალური თანხაა. გარდა ამისა, მოცულობითია ბიუჯეტის სოციალური მხარე – ნახევარი მილიარდი. გამოდის, რომ მთლად ისე არ არის საქმე, როგორც ჩვენ წარმოვაჩენთ ხოლმე. ქალაქში, სადაც 43 წლის განმავლობაში არ აშენებულა ხიდი, ქალაქი, რომლის ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს სატრანსპორტო ნაკადის მზარდ მოცულობას, არ შენდება ესტაკადები, გზაგამტარები, არ კეთდება ახალი პარკინგები. წელიწადში ქვეყანაში ასი ათასობით ავტომობილი გვემატება, დედაქალაქში ალბათ, მინიმუმ მისი ნახევარი, ჩვენ კი პარკინგის ადგილებს ვამცირებთ, რასაც მუნიციპალიტეტი სრულიად გამიზნულად აკეთებს ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს. რა პრიორიტეტებიც არ უნდა დაისახო, არ შეიძლება, მდინარის დინების საწინააღმდეგოდ – თუ მოსახლეობა პრიორიტეტს ანიჭებს ავტოტრანსპორტს, მუნიციპალიტეტის ადეკვატური რეაგირება იქნება მისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. ძალიან რთულია ამას უწოდო ადეკვატური ბიუჯეტი, რომელიც თბილისელების საჭიროებებს ასახავს“, – აცხადებს დავით ფანჯაკიძე.
მისივე თქმით, 2.5 მილიარდი ლარი კოლოსალური თანხაა და თუ ინფრასტრუქტურაში არა 300 მილიონი არამედ 1 მილიარდი დაიხარჯება, დედაქალაქი ძალიან ბევრ სიკეთეს მიიღებს. მათ შორის, ეს ეხება მეტროსადგურების არა მხოლოდ რეკონსტრუქციას, არამედ ახალი სადგურების შექმნას.